სიახლეები
-
მიროწმინდის ტაძარი საუკუნეების შემდეგ სიცოცხლეს განაგრძობს
სოფელ მიროწმინდის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, სადაც მე-20 საუკუნეში საქართველოს მეხუთე პატრიარქმა დავით V დევდარიანმა სულიერი ცხოვრება დაიწყო და სტიქარი პირველად ჩაიცვა, სულ ახლახან, საუკუნეების მერე განმეორებით ეკურთხა და ახალ სიცოცხლეს განაგრძობს. სამუშაოები, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ფონდი აწარმოებდა ,,ქართუ ჯგუფმა“ დააფინანსა.
ტაძარი მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა(ხაჩიძე) აკურთხა, ტაძრის კურთხევაში მონაწილეობა მიიღო ასევე გერმანიისა და ავსტრიის ეპისკოპოსმა ლაზარემ და მამა ანტონმა (სულთანიშვილი).
,,დღეს ტაძარი, რომელიც იყო დაჩოქილი, ჩვენს თვალწინ წამოდგა, წამოიმართა და მხრებში გაიშალა. დღეს მრჩობლი, ორმაგი მადლი ტრიალებს აქ, ამ ტაძარში, რადგან დღეს ორი ეპისკოპოსი ესწრება ტაძრის კურთხევას, რაც განსაკუთრებული მადლია“ - ბრძანა ხარაგაულის სამლოცველო სახლის წინამძღვარმა მამა ანტონმა.მარგვეთისა და უბისის ეოისკოპოსი მეუფე მელქისედეკი:
„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ტაძარში, სადაც მეოცე საუკუნეში, საქართველოს პატრიარქი დავით V დევდარიანი მსახურობდა. ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო იმ ეპარქიის მღვდელმთავარი, სადაც ასეთი დიდი მამები მოღვაწეოდნენ. მეოცე საუკუნეში საქართველოს ორი პატრიარქი ქრისტეფორე და დავითი ხარაგაულიდან იყო. ეს ძალიან დიდი მოვლენაა ჩვენი ეპარქიისთვის. მადლობა ღმერთს და წმინდა ნიკოლოზს, რომ მოხერხდა და შევძელით ასეთი მადლიანი ტაძრის განახლება, თავიდან კურთხება. ეს ღვთისა და იმ უდიდესი პატრიარქების ლოცვის დამსახურებაა, რომლებიც აქ მოღვაწეობდნენ. დღეს ჩვენთან სტუმრად ბრძანდება ყოვლადუსამღვდელოესობა გერმანიისა და ავსტრიის ეპისკოპოსი ლაზარე. ჩვენი ეპარქიისთვის დიდი პატივია, როცა ამ უდიდეს დღესასწაულზე ტაძრის კურთხევაზე მღვდელმთავარი გვსტუმრობს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთაგანს ვინც მცირედი შრომა და ლოცვა შეწირეთ ამ მშვენიერ ტაძარს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პაატა დევდარიანს, რომელიც დაუზარლად, თავისი რწმენითა და შემართებით აკეთებს ღვთისა და მოყვასის საქმეს“.
პაატა დევდარიანი:
„ტაძარი წმინდა ნიკოლოზის დახმარებით აღდგა, ეს მოხდა უფლის ნებით და წმინდა ნიკოლოზის შეწევნით. სამუშაოები, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ფონდი აწარმოებდა „ქართუ ჯგუფმა“ დააფინანსა. ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. თვითონ ამ სოფელს, რომელსაც მირონწმინდა ჰქვია კომუნისტებმა წითელხევი დაარქვეს და რუკაზე ამ სახელით გახლდათ დატანილი. ტაძრის საძირკვლის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ აქ სამნავიანი ბაზილიკა იყო. ეს გახლდათ საკმაოდ დიდი მნიშვნელობის ტაძარი. ტაძრის უკანა მხარეს არის კელიები, თავლა, ხელის წისქვილი, სატრაპეზო, სამრეკლო. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ამ ადგილზე მონასტერი იყო. ეკლესიის აღდგენის დროს ვიპოვეთ ქვა, რომელზედაც ასომთავრულით იკითხება „ქრისტეს აქეთ აღვაშინე სამრეკლო და სულის საცხონებლად აღვადგინე ტაძარი ესე“. ტაძარში იგრძნობა ბერძნული კვალიც, აქ არის მათი ხელწერაც, რაც მიუთითებს რომ გარკვეული დროის მანძილზე აქ ბერძნები მოღვაწეობდნენ. ტაძრის მხატვრობა მე-14 საუკუნით თარიღდება. ტაძრის წინა მხარეს მიშენებულია ეგრეთ წოდებული „საქალებო“. ადრე ეკლესიაში ცალ-ცალკე იდგნენ ქალები და კაცები. თქმულების თანახმად, საქალებოს აშენებას სვანეთიდან დევდარიანების გვარის ჩამოსვლას უკავშირებენ, რადგან სვანეთში ქალები და კაცები ეკლესიაში ცალ-ცალკე იდგნენ და ერთად დგომის უფლება არ ჰქონდათ. სამუშაოების დროს ვიპოვეთ ბოლნური ჯვარი, რომელიც გადალესილი იყო, ასევე გადაღებილი იყო ფრესკებიც. ტაძარი აშენებულია შირმის ქვით, რომელსაც საკმაოდ კარგი მოჭიდების უნარი აქვს, ტაძრის უკან კიდევ ერთი ჯვარგუმბათოვანი ტაძრის ნანგრევებია, ასევე არის მამათა და დედათა საძვალე, სადაც ეკლესიაში მოღვაწე მამებისა და დედების შესვენება ხდებოდა. ასეთი საძვალეა ზარზმაში, ბეთანიაში, მწვანე მონასტერში. შენებისას შევეცადეთ ზუსტად იგივე არქიტექტურა შეგვენარჩუნებინა რაც იყო, ბევრი სიწმინდე ტაძრიდან დაკარგულია. ეს ადგილი სამონასტრო ცხოვრებისთვის იდეალურია. ვინატრებდი და ვისურვებდი რომ აქ კვლავ განახლდეს სამონასტრო ცხოვრება“.ტაძრის კურთხევას მიროწმინდაში ადგილობრივები, მოწვეული სტუმრები და დევდარიანების საგვარეულო ესწრებოდა.





