სიახლეები
-
თბილისი-ლარსის საავტომობილო გზაზე 5 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა იგეგმება
თბილისი-ლარსის საავტომობილო გზაზე მთავრობა ქვეშეთი - კობის 20 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთისა და 5 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას გეგმავს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გვირაბი, სავარუდოდ, დაიწყება სოფელ მლეთასთან და დასრულდება სოფელ კობთან.
აღნიშნულმა გვირაბმა ჯვრის უღელტეხილის ქვეშ უნდა გაიაროს (დამატებითი, დაზუსტებული ინფორმაცია დეტალური პროექტირების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი).
ამ დროისათვის, აღნიშნულ გზაზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და ქვეშეთი-კობის მონაკვეთის დეტალური პროექტირების მოსამზადებლად.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 250 მლნ. აშშ. დოლარია.
წინასწარი ტენქიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დაწყება 2017 წლის იანვარშია დაგეგმილი. სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, 2018 წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.
საპროექტო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი (WB) აფინანსებს. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოების დაფინანსების წყაროს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან.
პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისი-ლარსის მიმართულებით, გადაადგილების დრო 1 საათით შემცირდება.




