სიახლეები
-
"თბილისის შემოვლითი რკინიგზის დარჩენილი ნაწილის მშენებლობა დაახლოებით 70 მილიონი დოლარი დაჯდება"
"საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის დარჩენილი ნაწილის მშენებლობა დაახლოებით 70 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება. როგორც მამუკა ბახტაძემ "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, მას შემდეგ, რაც მთავრობა პროექტის განხორციელების საბოლოო ვარიანტზე გადაწყვეტილებას მიიღებს, სამშენებლო სამუშაოების დასრულებას 18 თვე დასჭირდება.
"მას შემდეგ, რაც შემოვლითი რკინიგზის რეალიზაციას განვაახლებთ, განახლებული პროექტით და დიზაინით, ჩვენ გვაქვს 18 თვე, რომ პროექტი დავასრულოთ და ამისთვის მზად ვართ. მე ვფიქრობ, რომ ბოლო ვარიანტი, რომელიც იქნა წარმოდგენილი საქართველოს რკინიგზის მხრიდან და ჩვენი კონსულტანტების მიერ არის მომზადებული, ძალიან საინტერესოა. ეს არის ერთგვარი ახალი მიდგომა საქართველოში სატრანსპორტო სისტემების განვითარებისთვის. ეს იქნება სიმბიოზი, სადაც გათვალისწინებულია როგორც სამგაზვრო გადაზიდვების, ისევე სამგზავრო გადაყვანების ინტერესები, ასევე მისი ინტეგრაცია ქალაქში არსებულ სატრანსპორტო ქსელთან და ა.შ", - განაცხადა ბახტაძემ.
მისივე განმარტებით, პროექტის დიზაინის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებების გამო, შესაძლოა, მისი განხორციელებისთვის საჭირო ბიუჯეტი ბაიზარდოს.
"იქიდან გამომდინარე, რომ ქანობის შემცირება დაგვჭირდება, შეიძლება, პროექტის ბიუჯეტი დამატებით გაიზარდოს. საერთო ჯამში კი იმ სამუშაოების ღირებულება, რომელიც არის დარჩენილი, თუ არ ვცდები, 70 მილიონ დოლარს შეადგენს", - აღნიშნა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის კონსერვაცია, მისი შესწავლისა და გაუმჯობესების მიზნით, 2013 წელს განხორციელდა.




