მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  ოქტომბერი  2016

    მიწის რეგისტრაციის თხოვნით საჯარო რეესტრში 74 838 განცხადება შევიდა

    მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში 1 აგვისტოდან დღემდე საჯარო რეესტრში მთელი ქვეყნის მასშტაბით 74 838 განცხადება შევიდა.


    იუსტიციის მინისტრის განცხადებით, 20 051 შემთხვევაში საჯარო რეესტრმა თავად მოიძია საჭირო საბუთები და ყოველგვარი ბარიერის გარეშე მოქალაქეს მიწა წარმატებით დაურეგისტრირა. 40 065 შემთხვევაში საჯარო რეესტრმა, რეფორმის შედეგად შეძენილი ახალი უფლებამოსილებების წყალობით, მოქალაქის ნაცვლად თავად დაიწყო სხვადასხვა უწყებაში შესაბამისი საბუთების მოძიება და ამ განცხადებათა დიდი ოდენობაც წარმატებით დასრულდება, 8 433 განცხადება კი ამჟამად შესწავლის პროცესშია.


    რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრმა მოქალაქეებს ნოტარიუსთან უფასო მედიაცია თავად დაუნიშნა, რის შედეგადაც 11 კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა და მოქალაქეებმა მეზობელთან ხანგრძლივი დავის შემდეგ მიწები მარტივად დაირეგისტრირეს. 100-ზე მეტი მედიაცია სხვადასხვა ნოტარიუსთანაა დანიშნული.


    "სანოტარო მედიაცია დავების მოგვარების ალტერნატიული, სწრაფი, იაფი მეთოდია და მოქალაქეებს წარმოქმნილი დავების მარტივად, სასამართლოს გარეშე მოგვარებას სთავაზობს", - აღინიშნა ბრიფინგზე.

    როგორც ცნობილია, რეფორმის ფარგლებში მოქმედებს ფაქტების კონსტატაციაც და იმ შემთხვევაში, როდესაც საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტით მიწის ნაკვეთის მდებარეობა, საზღვრები, მახასიათებლები და ა.შ. არ დგინდება ან სადავო სიტუაცია ჩნდება, საჯარო რეესტრი ფაქტების დასაზუსტებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავად მიმართავს და პროცესში ამ უწყების წარმომადგენელს რთავს.


    მომსახურება უფასოა და პროექტის ფარგლებში ამ სერვისით უკვე 115 მოქალაქემ ისარგებლა.


    შეგახსენებთ, რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა აზომვითი ნახაზის ახალი სტანდარტი და 1 სექტემბრიდან განხორციელებული ყველა ნახაზი ამ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს.


    გაიმიჯნა პასუხისმგებლობა ამზომველსა და მოქალაქეს შორის. კერძოდ, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა დასაზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე - ამზომველი.


    პროცესით დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება ადგილზე მისვლის გარეშე, იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე (2 405 405) შეუძლიათ, ასევე შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.


პარტნიორები