მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  ოქტომბერი  2016

    საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტები

    2016 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელებმა “საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის” პრეზენტაცია გამართეს.
      როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, “საქართველოს თანაინვესტრირების ფონდი” ტურისტული ინფრასტუქტურის გასავითარებლად $680 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიციას ახორციელებს 8 მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ქ. თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში. ამ პროექტებიდან სამ კომპლექსში (სასტუმრო თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო სოლოლაკი და შეკვეთილის სასტუმრო და სპა კომპლექსი) უკვე შემოსულია “მარიოტის” საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდი “Autograph Collection”. 8 პროექტი განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა და დღეისთვის მათში ჯამურად ინვესტირებულია 259 მლნ ლარი. ამ კომპლექსების მშენებლობების პროცესში ჯამურად საქმდება 20 000 ადამიანზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ მუდმივად დასაქმებულთა რიცხვი გაუტოლდება 2 500 ადამიანს.

     

      საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებისთვის შეიქმნა “საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი”.
    ახალი ფონდის დაფუძნების იდეა გაჩნდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვნად და სწრაფი ტემპებით იზრდება ტურისტული ნაკადები, მაგრამ დიდი დეფიციტია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ქვეყანა საჭიროებს ინვესტიციების კონცენტრაციის მიმართვას ნაკლებად განვითარებულ რეგიონებზე სადაც მაღალია ტურისტული პოტენციალი და საჭიროა გრძელვადიანი ინვესტიცია. ამის კარგი მაგალითია ფონდის მიმდინარე პროექტები განმუხურსა და შეკვეთილში.
       საინვესტიციო მიმართულებასთან ერთად საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება სასტუმროების მართვის კომპანიის კომპონენტი. ეს არის ქართული კომპანია, რომელიც ლიცენზირებულია მარიოტის საერთაშორისო ქსელის მიერ, რაც მას ანიჭებს უფლებამოსილებას იყოს სერვისის ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დამამკვიდრებელი და გამაკონტროლებელი; ასევე, ნებისმიერი სასტუმრო კომპლექსის სრულყოფილად მართვის სერვისის მიმწოდებელი, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
    სასტუმროების მართვის კომპანიას ასევე უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრება რეგიონალური ტრენინგ ცენტრების შექმნის კუთხით. იგი გადაამზადებს ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას, აამაღლებს მათი კვალიფიკაციის დონეს და განავითარებს სერვისის ინდუსტრიას რეგიონებში.
       რაც შეეხება ფონდის მიმდინარე პროექტებს თბილისში, დედაქალაქში უკვე შენდება უმაღლესი კლასის, არქიტექტურულად უპრეცენდენტო სამსაფეხუროვანი კომპლექსი, რომელიც მოიცავს
    მრავალფუნქციურ კომპლექსებს თავისუფლების მოედანთან, სოლოლაკის ქედზე და თაბორის მთაზე. ეს კომპლექსები და მათი კავშირი ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო გზით, ქმნიან იმ ახალ სავიზიტო ბარათს რომელიც დედაქალაქის ტურიზმის განვითარების და ხარისხის ხვალინდელი დღეა.
        თაბორის პროექტი, ეს არის 400 000 კვ.მ „ახალი ფილტვები“ ქალაქისთვის (რეკრეაციული ზონა და გოლფის მოედნები). ასეთი ადგილი თბილისში არ არსებობს. ეს აქცენტები და სიახლეები შექმნიან ტენდენციას სხვა მსგავსი პროექტებისთვის.
    დამატებითი ინფორმაცია:
        საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით ზუსტად 3 წლის წინ შეიქმნა. 3 წლის განმავლობაში ჩვენი გუნდის ძალისხმევით ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის არაერთ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტს ჩაეყარა საფუძველი.
        ფონდის საინვესტიციო პორტფელი ამ დროისთვის $2.2 მლრდ ამერიკულ დოლარს უტოლდება და ეკონომიკის ყველა ძირითად სექტორს (ენერგეტიკა, ტურიზმი და უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა, წარმოება) მოიცავს. პროექტები აქტიურად ვითარდება და შემდეგი წელს უკვე რამდენიმე მათგანის დასრულდებაც იგეგმება.
        პროექტების ფარგლებში იქმნება ათასობით სამუშაო ადგილი თბილისსა და რეგიონებში, ხდება ადგილობრივი წარმოების წახალისება და სტიმულირება და ბიუჯეტში შედის მილიონობით ლარი.

    საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტები:
    1. პროექტი: შეკვეთილის სასტუმრო და სპა კომპლექსი 5* / Project: Shekvetili Hotel & Spa Resort 5* (Autograph Collection – Marriott’s Luxury Brand)
    ჯამური საინვესტიციო მოცულობა: $80 მლნ აშშ დოლარი
    ნომრების რაოდენობა: 220
    დასრულება: 2017
    2. პროექტი: სასტუმრო თავისუფლების მოედანზე 7* / Project: Hotel on Freedom Square 7* (Autograph Collection – Marriott’s Luxury Brand)
    ჯამური საინვესტიციო მოცულობა: $100 მლნ აშშ დოლარი
    ნომრების რაოდენობა: 220
    დასრულება: 2018
    3. პროექტი: სასტუმრო სოლოლაკი 5* / Project: Hotel Sololaki 5* (Autograph Collection – Marriott’s Luxury Brand)
    ჯამური საინვესტიციო მოცულობა: $200 მლნ აშშ დოლარი
    ნომრების რაოდენობა: 370 (აპარტ-ნომრების ჩათვლით)
    დასრულება: 2019
    4. პროექტი: თაბორის რეკრეაცია (5* სასტუმროს ჩათვლით) / Project: Tabori Recreation (Featuring 5* hotel)
    ჯამური საინვესტიციო მოცულობა: $60 მლნ აშშ დოლარი
    ნომრების რაოდენობა: 80
    დასრულება: 2018
    5. პროექტი: სასტუმრო ერეკლე II მოედნის N3-ში, 5* / Project: Hotel on Erekle II Sq., N3, 5*
    ჯამური საინვესტიციო მოცულობა: $10 მლნ აშშ დოლარი
    ნომრების რაოდენობა: 46
    დასრულება: 2018
    6. პროექტი: მეორე სასტუმრო ერეკლე II მოედანზე, კოტე აფხაზის N22-ში, 5* / Project: Hotel on Erekle II Sq., N22 Kote Apkhazi Str., 5*
    ნომრების რაოდენობა: 150
    ჯამური საინვესტიციო მოცულობა: $60 მლნ აშშ დოლარი
    დასრულება: 2019
    7. პროექტი: სასტუმრო განმუხური 5* / Project: Hotel Ganmukhuri 5*
    ჯამური საინვესტიციო მოცულობა: $60 მლნ აშშ დოლარი
    ნომრების რაოდენობა: 190
    დასრულება: 2018
    8. პროექტი: სამკურნალო-გამაჯანსაღებელი და სპა კომპლექსი მწვანე კონცხზე 5* / Project: Wellness Resort & Spa on Mtsvane Kontskhi (Green Cape) 5*
    ჯამური საინვესტიციო მოცულობა: $110 მლნ აშშ დოლარი
    ნომრების რაოდენობა: 280
    დასრულება: 2019


პარტნიორები