სიახლეები
-
თბილისის შემოგარენში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იზრდება
გადატვირთული მოძრაობის, დაბინძურებული ჰაერისა და ეკოლოგიური პრობლემების გამო, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საცხოვრებლად ქალაქგარეთ გადადის. უძრავი ქონების სააგენტოებში ამბობენ, რომ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში თბილისის შემოგარენში სახლის და მიწის ნაკვეთის შეძენის მსურველთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. რეალტორების თქმით, პოპულარულ მიმართულებებს შორისაა ცხვარიჭამია, წყნეთი, კიკეთი, წავკისი და სხვა დასახლებული პუნქტები.
ჯანდაცვის მსოფლიოში ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე ყოველი 10 ადამიანიდან 9 იმ გარემოში ცხოვრობს, სადაც ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე ფიქსირდება. ჰაერის დაბინძურება პრობლემაა საქართველოშიც, განსაკუთრებით დედაქალაქში, რის შედეგადაც ყოველწლიურად დაავადებების რიცხვი კატასტროფულად მატულობს. ამიტომ ეკოლოგების თქმით, თბილისში ცხოვრებას ქალაქგარეთ გადასახლება სჯობს.
ეკოლოგების თქმით, ქალაქში ტრანსპორტისა და შუშის შენობების მომრავლების გამო ეკოლოგიურად სუფთა გარემო ვერ იქმნება. როგორც ექსპერტები „კომერსანტთან" საუბრისას განმარტავენ, ქალაქგარეთ ცხოვრების ტენდენცია, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დიდი ხანია დამკვიდრდა, მალე საქართველოშიც შესამჩნევი გახდება.
ბუნების დამცველების განცხადებით, თბილისთან ახლოს ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებლის თვალსაზრისით რამდენიმე ადგილია, მათ შორის: კიკეთი, ცხვარიჭამია, ნატახტარი, წეროვანი, წავკისი, წყნეთი და სხვ.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" თანათავმჯდომარე რუსუდან სიმონიძე მიიჩნევს, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით ქალაქში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, მისი განცხადებით, ქალაქგარეთ ცხოვრება უმჯობესია.
"ჩვენი ქალაქი ძალიან გადატვირთულია, რა თქმა უნდა ქალაქგარეთ სუფთა ჰაერზე ცხოვრება ჯობია. მეტიც, ქალაქგარეთ ცხოვრება მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა უკვე. თბილისის დაგეგმარება არასწორად მიმდინარეობს, ის ფაქტი არანორმალურად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მთელი ქვეყნის ნახევარი ერთ ქალაქში ცხოვრობს.
რეგიონები აუცილებლად უნდა განვითარდეს და ადამიანებს იმის საშუალება მიეცეთ, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში თუ დაბებში იცხოვრონ. არ შეიძლება ქვეყანა ერთ ქალაქში იყოს მოთავსებული.
ცხვარიჭამია თავისი კლიმატური პირობებით შესანიშნავი და სუფთა ადგილია. რა თქმა უნდა, თავისუფლად შეგვიძლია მასზე, როგორც ერთ-ერთ კლიმატურად სუფთა ზონაზე ისე ვისაუბროთ. თუ შესაძლებლობა და საშუალება გექნებათ იქ საცხოვრებლად გადასვლა ნამდვილად ღირს." - აღნიშნა „კომერსანტთან" საუბრისას რუსუდან სიმონიძემ.
უძრავი ქონების სააგენტო „ბონუსის" დირექტორი ილია ინაშვილი განმარტავს, რომ ქალაქის შემოგარენში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია.
„თბილისთან ახლოს რაიონებში მიწის ნაკვეთები ყოველთვის მოთხოვნადი იყო. პრობლემას მხოლოდ კომუნიკაციების არარსებობაა წარმოადგენს. მაგრამ, როდესაც გამოსწორდება, მოთხოვნაც უფრო მეტად გაიზრდება.
რაც შეეხება უშუალოდ უძრავი ქონების გაყიდვებს, ამაზე მოთხოვნა ყოველთვის იყო და ახლაცაა. თბილისის შემოგარენში გაყიდვების კუთხით ბოლო 4-5 წლის ტენდენციას რომ გადახედოთ, ვნახავთ, რომ ეს წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება" - განუცხადა „კომერსანტს" ილია ინაშვილმა.
დედაქალაქის შემოგარენში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ამავდროულად, კომუნიკაციების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. იგივე ცხვარიჭამიის მიმართულებით, როგორც ცნობილია, აუხლოეს პერიოდში გაზის შეყვანაც იგეგმება. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ეს პროცესი დასრულდება, ერთ დროს ყველაზე პოპულარული ცხვარიჭამია თავის პოპულარობას ისევ დაიბრუნებს. ამას არც ეკოლოგები და მით უფრო, არც უძრავი ქონების სფეროს სპეციალისტები გამორიცხავენ.




