სიახლეები
-
წლების წინ შეჩერებული სავაჭრო ცენტრის, ნიბა დელისის" მშენებლობა იწყება
წლების წინ შეჩერებული A-კლასის სავაჭრო ცენტრის პროექტის – „ნიბა დელისის" მშენებლობა სავარაუდოდ, 1 თვეში დაიწყება. „ნიბა ინვესტის" დამფუძნებელი ბაკურ კიღურაძე „კომერსანტთან" ექსკლუზიურად აცხადებს, რომ დაფინანსების საკითხი გადაწყვეტილია და კომპანიამ კონკრეტული პროექტისთვის ფინანსური სახსრები მსხვილი ჰოლანდიური ფინანსური ჯგუფის ING-სგან მოიზიდა. საუბარია, 18 მილიონ აშშ დოლარზე.
კიღურაძე ამბობს, რომ კომპანია „ნიბა ინვესტი" საფინანსო ინტიტუტთან ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებს, რომლის შემდეგაც, დაახლოებით 1 თვეში უკვე უშუალოდ მშენებლობა დაიწყება.
როგორც ცნობილია, პროექტში თანხის გამოყოფაზე მოლაპარაკება თანაინვესტირების ფონდთან მიდიოდა, თუმცა, შეთანხმება ვერ შედგა. „კომერსანტის" კითხვაზე, თუ რატომ აღარ განიხილავენ თანაინვესტიების ფონდს ერთ-ერთ ინვესტორად, კუღურაძე ზოგადი პასუხით შემოიფარგლება და ამბობს, რომ „ნიბა დელისის" პროექტი ვერ აკმაყოფილებდა იმ პირობებს, რომელიც კომპანიას ვალდებულებად ედებოდა თანაინვესტირების ფონდთან თანამშრომლობისას. „ამის გამო შევწყვიტეთ მოლაპარაკებები. პროექტი თავისი პოტენციალით ძვირადღირებულია იმიტომ, რომ მიწისქვეშა მოცულობებს დიდი ოდენობით ითვისებს. ვერ გავისტუმრებდით ვალდებულებებს. ამიტომ უხერხული მდგომარეობა შეიქმნებოდა", -აცხადებს კიღურაძე.
2015 წლის აპრილში კიღურაძე ამბობდა, რომ პროექტის ბიუჯეტი 24 მილიონი აშშ დოლარი იყო, საიდანაც ნაწილი, თანაინვესტირების ფონდს უნდა გამოეყო, ნაწილს კი „საქართველოს ბანკი" ან საპარტნიორო ფონდი დაფარავდა. დღეს „ნიბა ინვესტის" დამფუძნებელი ამბობს, რომ ვინ დაფარავს დარჩენილ 6 მილიონ აშშ დოლარის, ამ დროისთვის უცნობია.
„ნიბა დელისის" პროექტი 35 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გათვლილი, ის ითვალისწინებს 4 მიწისქვეშა საპარკინგე და 5-სართულიანი სავაჭრო ზონის მოწყობას. პროექტი 2 წელიწადში უნდა დასრულდეს. პროექტის ავტორი მსოფლიოში ცნობილი იტალიელი არქიტექტორი მაქსიმილიანო ფუქსასია, რომელიც მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორების ათეულში შედის.

„ნიბა ინვესტმა" ნიბა დელისის პროექტის განხორციელება 2008 წლის თებერვალში დაიწყო. მშენებლობა მას შემდეგ შეჩერდა, რაც 2010 წელს კომპანიის ხელმძღვანელი ბაკურ კიღურაძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ბიზნესმენი პატიმრობიდან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაათავისუფლეს.






