სიახლეები
-
თბილისში 45-55 კვადრატული მეტრის ბინებზე ყველაზე მაღალი მოთხოვნაა
ლაშა პაპაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ერთოთახიანი ბინების მშენებლობის შეზღუდვას გულისხმობს, დეველოპერებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენელთა გამოხმაურება გრძელდება. როგორც უკვე ვიუწყებოდით, ლაშა პაპაშვილის ინიციატივას, რომელიც მან მერთან შეხვედრაზე გააჟღერა, მერიაში არ განიხილავენ და მათ გეგმებში ამ ინიციატივის განხილვა არც შედის.
თუმცა ბიზნესმენის მიერ ამ იდეის გაჟღერებას სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი მოჰყვა.
დეველოპერები, რომლებსაც „კომერსანტი“ ესაუბრა, შეზღუდვების წინააღმდეგი არიან და ამბობენ, რომ თბილისში არსებულ პრობლემებს ეს ვერ გადაჭრის.
იგივე პოზიცია აქვს კომპანია „სამშენებლო ინვესტიციების“ დირექტორს რომეო სარიას, რომელიც ამბობს, რომ დღეს ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა 45-55 კვ.მ-მდე ბინებზე, რაც არის ე.წ. ერთ საძინებლიანი ბინები (საძილე + მისაღები და სამზარეულო). კლასიკურ ერთოთახიან (სტუდიოს ტიპის) ბინებზე მოთხოვნა შედარებით ცოტაა.
თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მოთხოვნის არსებობის დროს მიწოდების ხელოვნური შემცირება გაუმართლებელია, რაც ბაზარზეც უარყოფითად აისახება. ამის შედეგად დეველოპერი არ მიიღებს შემოსავალს, ხოლო მყიდველი არჩევანს გააკეთებს ძველაშენებულ ბინებზე.
„აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში, კლასიკური ერთოთახიანი ბინა მყიდველს სჭირდება გასაქირავებლად, ეს კი ნიშნავს, რომ საცხოვრებელი ბინა მონაწილეობს ეკონომიკურ საქმიანობაში, მითუმეტეს თბილისში, რადგანაც დედაქალაქში მეტად მცირეა დაბალფასიანი სასტუმროები. სხვა საკითხია პარკინგების პრობლემა, რომელსაც ბინის ოთახების რაოდენობის შეზღუდვა არ და ვერ გადაწყვეტს. 3–ოთახიანი ბინის მფლობელის ოჯახში 2 მანქანის ყოლა იგივეა, რაც 2 ერთოთახიანის მეპატრონის 2 მანქანა. ვფიქრობ, ბინების ტიპზე მოთხოვნას დაარეგულირებს ბაზარი და მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, ხოლო პრაკინგის პრობლება ქალაქის მერიამ უნდა გადაწყვიტოს.“– აცხადებს სარია.





