მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 09  აპრილი  2016

    The Conversation - უძრავი ქონების გეოპოლიტიკა - როგორ გააცნობიერა რუსეთმა უძრავი ქონების პოლიტიკური მნიშვნელობა

    უძრავი ქონება მსოფლიო არენაზე ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში კვლავ მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა. უძრავი ქონების ეროვნული ბაზრების უცხოელი მყიდველებისთვის გასახსნელად, ბევრმა ქვეყანამ თავისი კანონმდებლობა გაამარტივა. ეს მხოლოდ საერთაშორისო ბიზნესისთვის არ არის სასარგებლო, ამან სახელმწიფოებს გლობალური პოლიტიკური ამბიციების ხორცშესხმის საშუალებაც მისცა. რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, რუსეთი, რომელიც ჩვეულებრივ უფრო სამხედრო ოპერაციებთან ასოცირდება, „რბილი ძალის" ამ ინსტრუმენტს ოსტატურად იყენებს.

    1990-იანი წლების დასაწყისში, ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის შედეგად, რომლის დროსაც სახელმწიფო საკუთრება კერძო ხელში გადადიოდა, უძრავი ქონება საბაზრო საქონლად იქცა. თავიდან, ერთპარტიული სახელმწიფოდან არასაბჭოთა რესპუბლიკად ქცევის პერიოდში, არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის გამო, უძრავი ქონების რუსული ბაზარი უცხოელებს შორის დიდი ინტერესის საგანს არ წარმოადგენდა.


    თუმცა, 2000-იანი წლების დასაწყისში ვითარება შეიცვალა. ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტად არჩევამ, გარკვეულმა რეფორმებმა, რომლებმაც ეკონომიკა შედარებით გამჭვირვალე გახადა, და ნავთობის გაძვირებამ მეტნაკლებად, პოლიტიკური სტაბილიზაცია და ეკონომიკური ზრდა გამოიწვიეს. შედეგად, რუსეთში უცხოური კაპიტალი შევიდა. რუსული ბაზრებით უცხოელი ინვესტორები დაიტერესდნენ.

    ამავე დროს, რუსმა ინვესტორებმა და სახელმწიფო ინსტიტუტებმა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან დაწყებული ნამიბიამდე, უძრავი ქონების შეძენა და მშენებლობა დაიწყეს.


    ამ ორმა პროცესმა - უცხოელი მოთამაშეების რუსეთში შესვლამ და რუსების გარეთ გასვლამ - შექმნეს ურთიერთკავშირის რთული ქსელი, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებზე გავლენას ამ დრომდე ახდენს.

    საქმიანი ინტერესები

    უძრავი ქონების მნიშვნელობა, განსაკუთრებით უკრაინის პრობლემის გამო, რუსეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებს შორის კონფლიქტის ფონზე გამოჩნდა. უცხოური კომპანიები, რომელთაც რუსეთში ოფისები, ქარხნები და მაღაზიები ეკუთვნით, დაინტერესებულები არიან ამ ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობით. მეტიც, სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებებზე მათი დაინტერესება უშუალო გავლენას ახდენს.

    მაგალითად, გერმანული სავაჭრო ქსელი „Metro", რომელსაც რუსეთში სავაჭრო ცენტრები ეკუთნის, 2014 წელს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს უპირისპირდებოდა. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ ეს მათ ბიზნესს ხელს შეუშლიდა.

    საქმიან წრეებში ითვლება, რომ მერკელის მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების შემოღებაში, ხელი სწორედ ასეთმა წნეხმა შეუშალა. რუსეთში მომუშავე უცხოური კომპანიები, თავის მშობლიურ ქვეყებში რუსულ ინტერესებს ირიბად და არაოფიციალურად ხშირად ლობირებენ.

    გავლენები ლონდონში

    რუსების მიერ უცხოეთში განხორციელებული ინვესტიციები რუსეთის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაზე დიდ გავლენას ახდენს. მაგალითად, რუსეთის მოქალაქეები ლონდონის უძრავ ქონებაში ინვესტირებას ხშირად ახდენენ, რაც დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში მოსკოვს გარკვეულ გავლენებს ანიჭებს.

    ბევრს მიაჩნია, რომ ლონდონში რუსული ინვესტიციების არსებობა (მათი საერთო მოცულობა 27 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, ანუ ქალაქში უცხოური აქტივების 0,5%-ია), დიდი ბრიტანეთის რუსეთის მიმართ დამოკიდებულებაზე აისახება.

    ამაზე საიდუმლო ანგარიშიც მოწმობს, რომლის ფოტოვერსიამ პრესაში 2014 წელს გაჟონა. ანგარიშის ავტორები დიდი ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდებდნენ, არ შეერთებოდა ევროკავშირის მიერ შემოღებულ სანქციებს და ლონდონის ფინანსური ცენტრი რუსეთის მოქალაქეებისთვის არ დაეკეტათ. თუმცა, ევროპული სანქციები საბოლოოდ მაინც მიიღეს, დიდი ბრიტანეთის თავდაპირველი სურვილი, მათთვის მხარი არ დაეჭირა, ნაწილობრივ მაინც, ლონდონში რუსული კაპიტალის არსებობით იყო განპირობებული.

    ძალის დემონსტრაცია

    უძრავ ქონებას ფინანსურთან ერთად, სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს. ამის მაგალითად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განხორციელებული საერთაშორისო ექსპანსიაც გამოდგება. რუსულმა ეკლესიამ 2000-იანი წლებიდან, მთელ მსოფლიოში, საკმაოდ ბევრი უძრავი ქონება შეიძინა.

    რუსეთის პოლიტიკური ელიტა, მათ შორის პუტინი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ექსპანსიას „რუსული მსოფლიოს" პროექტთან აკავშირებენ. ეს იდეა გულისხმობს, რომ რუსული ცივილიზაცია მხოლოდ ამ სახელმწიფოს ტერიტორიით არ შემოიფარგლება.

    ზოგიერთი ექსპერტის აზრით, რუსეთის მთავრობა „რუსული ემიგრაციის კონტროლქვეშ მოქცევას" ცდილობს. მაგალითად, ფრანგ მაღალჩინოსნებს ადანაშაულებენ, რომ პარიზის ცენტრში რუსული ეკლესიის მშენებლობას ხელს უწყობენა. როგორც ექსპერტებს მიაჩნიათ, პარიზში ეს ეკლესია „რუსული ძალის სიმბოლო" იქნება.

    რუსეთი თავისი ძალის დემონსტრირებას მასშტაბური სამშენებლო პროექტებითაც ცდილობს, როგორებიცაა სტადიონები, ქალაქების რეკონსტრუქცია, ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა... მაგალითად, 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადისთვის ობიექტებს უმეტესად მთავრობის კონტროლქვეშ, ან სახელმწიფო ბანკების ფინანსურ დამოკიდებულებაში მყოფი კომპანიები აშენებდნენ. სახელმწიფო რესურსების ასეთი გამოყენებით, რუსეთი ცდილობდა მსოფლიო საკუთარ ძალასა და საჭირო შედეგების მიღწევის პოტენციალში დაერწმუნებინა.

    მედლის მეორე მხარე

    მაგრამ უძრავი ქონება არის არა მხოლოდ ინსტრუმენტი, რომელიც რუსეთს უცხოეთში ეროვნული ინტერესების გატარების საშუალებას აძლევს. ამავე დროს ეს ახალი სისუსტეა, რომლის გამოყენებასაც კონკურენტები ცდილობენ. მაგალითად, ევროკავშირმა და აშშ-მ, უკრაინის პრობლემასთან დაკავშირებით გავლენის მოსახდენად, რუსეთისთვის მისი უცხოური ქონების ნაწილის ხელმისაწვდომობა შეზღუდა.

    უკრაინაში, მათ შორის უძრავი ქონების სექტორში, არსებული რუსული კაპიტალი ამ ქვეყნის კიდევ ერთი სუსტი წერტილია - 2014 წლიდან მოყოლებული, უკრაინაში რუსეთის ბანკების ფილიალებს რეგულარულად თავს ესხმიან.

    რუსული კაპიტალის უცხოეთში გადინება ამ ქვეყნის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა: ეს გადასახადების შეგროვებაზე, ინვესტიციებზე და, რაც შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანია, განათლებულ მუშახელის რეზევრზე ახდენს უარყოფით გავლენას.

    ამდენად, უცხოეთში არსებული უძრავი ქონება უბრალოდ ეკონომიკურ პროცესზე მეტია - ეს სახელმწიფოებისთვის „რბილი ძალის" ინსტრუმენტია, რომლითაც ისინი ერთმანეთზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. ეს საერთაშორისო პოლიტიკას კიდევ უფრო კომპლექსურს ხდის.


    „The Conversation"-ის სტატია „პოლიტკომერსანტისთვის" მოამზადა ვასილ მამულაშვილმა.
     


პარტნიორები