სიახლეები
-
22 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
ცაგერში UEFA-ს სტანდარტების საფეხბურთო მოედანი შენდება
ცაგერში ახალი, მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი და რეაბილიტირებული საფეხბურთო მოედანი შენდება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით ფეხბურთის მოედნის ზომა შეესაბამება უეფას მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს, რაც საშუალებას იძლევა სტადიონის რეკონსტრუქციის შემდეგ აქ საერთაშორისო ეგიდით გასამართი მატჩებიც ჩატარდეს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში, კომპლექსი ასევე უმასპინძლებს საქართველოს შიდა პირველობებს. როგორც Thouse.ge -სთვის არის ცნობილი, სტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით შენდება
ცაგერსა და ლენტეხს მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად ესტუმრა, რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას გაეცნო და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად რეგიონში სპორტის განვითარების სამომავლო გეგმები დასახა.
ტარიელ ხეჩიკაშვილმა ცაგერსა და ლენტეხში სპორტსმენებს გადასცა სპორტული ინვენტარი: რაგბის, ფეხბურთის, ფრენბურთის და კალათბურთის ფორმები და ბურთები, მოკრივეთა აღჭურვილობა, ძიუდოს და ქართული ჭიდაობის საჭიდაო ფორმები. მინისტრმა მწვრთნელების და სპორტსმენების მხრიდან ცაგერში არსებული პრობლემები მოისმინა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა. აღსანიშნავია, რომ 1 სექტემბრიდან ცაგერის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების სპორტის მასწავლებლები და მწვრთნელები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსგან ხელფასზე დანამატის სახით 50-70 ლარს იღებენ.