სიახლეები
-
22 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
რეგლამენტი "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები", რომელიც 2017 წლის 1 იანვარს ამოქმედდება
ტრენერთა ტრენინგი თემაზე - "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დანერგვის პროექტი"
2016 წლის 28 იანვარს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა თანამედროვე ტექნიკური რეგლამენტი "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები", რომელიც ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვარს და ჩაანაცვლებს გარკვეულ ნაწილში საბჭოთა ნორმებს და წესებს. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს შენობების დაგეგმარების, სახანძრო უსაფრთხოების, გასასვლელი საშუალებების და სხვა მოთხოვნებს შენობების დაპროექტების, მშენებლობისა და გამოყენების პროცესში.
ტექნიკური რეგლამენტის უკეთ დანერგვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამა "მმართველობა განვითარებისათვის" მხარდაჭერით ხორციელდება "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დანერგვის პროექტი", რომელსაც ახორციელებს ა.ი.პ. „შენობა-ნაგებობების ინსტიტუტი - საქართველო“.
პროექტის ფარგლებში დატრენინგდება მშენებლობის ნებართვის გამცემი და მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი სამსახურების თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით. ასევე, ახალი წესების მიხედვით მუშავდება სანიმუშო სამშენებლო დოკუმენტის პროექტები სხვადასხვა ფუნქციის შენობისთვის, რომლებიც გადაეცემათ მუნიციპალიტეტებს.
13-დან 16 სექტემბრის ჩათვლით ყვარელსა და ქუთაისში ჩატარდა ტრენერთა ტრენინგის პირველი ფაზა, შესაბამისად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში არსებული მუნიციპალიტეტების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენელთათვის, მათ შორის არის „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაც“.
ტრენერთა ტრენინგი მიზნად ისახავს მომზადდეს ტრენერთა ჯგუფი, რომელიც მომავალში შეძლებს საჯარო მოხელეთა და კერძო სექტორის წარმომადგენელთა დატრენინგებას შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ წევრი კომპანიის წარმომადგენელს მიენიჭება ტრენერის სერტიფიკატი, რის შედეგადაც იგი დაატრენინგებს ასოციაციის წევრი სამშენებლო კომპანიების შესაბამის კადრებს შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების დაცვის თემაზე.