სიახლეები
-
21 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
დეველოპერულმა კომპანიებმა ბინების ლარში გაყიდვა შეწყვიტეს
დეველოპერულმა კომპანიებმა ბინების ლარში გაყიდვა შეწყვიტეს. მიზეზი სამშენებლო მასალების იმპორტია, რომელიც აშშ დოლარში ხორციელდება. სამშენებლო კომპანიებმა გასულ წელს ლარის გაუფასურების ფონზე ბინების ლარში ან ფიქსირებულ კურსზე გაყიდვა დაიწყეს. „კომერსანტი" დაინტერესდა, გაამართლა თუ არა მაშინ გაყიდვების სტრატეგიის შეცვლამ, რა ვითარებაა ახლა და როგორია რეალიზაციის მაჩვენებელი? როგორც აღმოჩნდა, „კომერსანტის" მიერ გამოკითხული დეველოპერული კომპანიები ბინებს ისევ აშშ დოლარში ყიდიან და თან საკმაოდ წარმატებულადაც.
კომპანია „დირსის" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო კუპრაშვილი ამბობს, რომ გასული წლის სექტებერში კომპანიამ ლარის გაუფასურების გამო ბინების ლარში გაყიდვა დაიწყო, რომელმაც 3-4 თვეს გასტანა. კუპრაშვილი ამბობს, რომ მაშინ ამ დროებითმა აქციამ გამართლა და თავისი შედეგი გამოიღო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიას სამშენებლო მასალები და ზოგადად, ინვესტიცია აშშ დოლარში აქვს, ფინანსურად ძალიან გაუჭირდა და აქციაც დაასრულა.
კუსრაშვილის თქმით, ახლა ბინების გაყიდვა საკმაოდ გააქტიურებულია. მისივე ინფორმაციით, „დირსის" ყველა გამოტანილი კორპუსის 50 პროცენტი გაყიდულია.ლარში გაყიდვები შეწყვიტა კომპანია „სალვუს დეველოპმენტმაც". კომპანიის დირექტორი თამარ გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ამჟამად კომპანია ბინებს ისევ აშშ დოლარში ყიდის, ლარში გაყიდვას კი 3-4 თვიანი აქციის სახე ჰქონდა. გაფრინდაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ლარის კურსი მეტნაკლებად დასტაბილურდა, კომპანია ისევ დოლარში გაყიდვებს გაუბრუნდა.
მისი თქმით, ამ დროისთვის საკმაოდ გაზრდილია რეალიზაციის მაჩვენებელი, რაც არამარტო ლარის დასტაბილურებამ გამოიწვია. ამის მიზეზი კომპანიის მიმართ წლების განმავლობაში დაგროვილი ნდობაა.სამშენებლო კომპანია „ჯიდიჯის" ხელმძღვანელი ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ კომპანია ბინებს ყოველთვის ლარში ყიდიდა. ლარის გაუფასურების პერიოდში კი გაყიდვები ძალიან იყო შემცირებული. მიმდინარე წლის გაზაფხულიდან გაყიდვები გააქტიურდა, ახლა კი რეალიზაციის მაჩვენებელმა პიკს მიაღწია.
წაქაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის კომპანიას ონიაშვილის ქუჩაზე ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქვს დაწყებული. მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც ბინები დაუსრულებელია, ფართების დაახლოებით 75 პროცენტი უკვე გაყიდულია.
გააქტიურებულ გაყიდვებს წაქაძე ხალხის მსყიდველობითუნარიანობის ზრდას და სამშენებლო კომპანიის მიერ ფასების შემცირებას უკავშირებს. მისი განცხადებით, წელს გასულ წელთან შედარებით, 1 კვადრატული მეტრის ფასი 10-15 პროცენტით არის შემცირებული.
„გარდა ამისა, ბევრად გამარტივდა ბანკებიდან სესხის გაცემა, აქაც დაიწია პროცენტმა. მე არ ველოდი ასეთ გააქტიურებას. ფასების შემცირება კი სამშენებლო ბაზარზე გაჩენილმა ახალმა კომპანიებმა განაპირობა"-აცხადებს წაქაძე.