სიახლეები
-
20 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
ყაზბეგის გამზირზე მოჭრილი ხეების სანაცვლოდ ინვესტორი 4-ჯერ მეტი ხის დარგვის პირობას დებს
ყაზბეგის გამზირზე #22-ში ერთი თვის წინ ხეების მოჭრის ფაქტი კვლავ აქტუალურია.
დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატები ალეკო ელისაშვილი და დავით ზურაბიშვილი პროკურატურას მიმართავენ.
ისინი მოითხოვენ პასუხს კითხვებზე, რომლებიც ერთი თვის წინ, თბილისში ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის შემდეგ გაჩნდა.
„სამი კითხვა მაქვს პროკურატურასთან, რა დაადგინა ექსპერტიზამ, ის ხეები იყო გამხმარი თუ ჯანსაღი? იყო თუ არა დანაშაული ჩადენილი ამ ხეების მოჭრით, თუ დანაშული იყო ჩადენილი? ვინ იყო დამნაშავე და როგორ უნდა აგოს პასუხი?"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
დეპუტატები ვარაუდობენ, რომ პროკურატურა პროცესს განზრახ აჭიანურებს. ელისაშვილი და ზურაბიშვილი მერიისგან ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელების გათავისუფლებასაც მოითხოვენ.
„გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ხეების დაცულობასა და უსაფრთხოებაზე, პირდაპირ ხელფასს იღებს, რომ ხეები არ მოჭრან. უხერხული და სირცხვილია, როდესაც ნინო სულხანიშვილი ისევ თანამდებობაზე რჩება,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის ფაქტს ქალაქის მერიც გამოეხმაურა."ჩვენს ინტერესებშიცაა გამოძიება დასრულდეს და გავიგოთ, იკვეთება თუ არა ვინმეს ბრალეულობა და შემდეგ მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება", - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
თბილისის მერის თქმით, გამოძიებას აქვს თავისი წესები და პროცედურები და იგი ნორმების დაცვით მიმდინარეობს.
„როგორც კი გამოძიება მივა შესაბამის ნიშნულამდე ანუ როცა გამოიკვეთება კონკრეტული საკითხები, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია გახდება ღია. ჩვენგან რა ინფორმაციაც იყო საჭირო გამოძიებისთვის, არის წაღებული. დამატებით თუ რაღაც იქნება საჭირო, ისინი მოგვმართავენ.", - განაცხადა ნარმანიამ.მისივე თმით, გამოძიების ფარგლებში დაკითხულნი არიან თბილისის მერიის ეკოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელები.
ერთი თვის წინ ყაზბეგის N22-ში 45 ხე მოჭრეს, როგორც მაშინ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა განაცხადა, კომპანიამ ეკოლოგიის სამსახურს ხეების მდგომარეობის შესახებ დასკვნა წარუდგინა და 68 ხის მოჭრას მოითხოვდა. ნინო სულხანიშვილის თქმით, დასკვნის მიხედვით, 68 დან 45 ხეზე, რომელიც დაავადებული, ამორტიზებული და ზეხმელი იყო, მოჭრის ნებართვა სამსახურმა გასცა.
როგორც უკვე ცნობილია ამ მონაკვეთზე დაგეგმილია 150-მილიონიანი უცხოური ინვესტიციის განხორციელება სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის მიზნით, რომელსაც საინვესტიციო კომპანია „ბლოკ ინვესტი" ახორციელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ „ორბი ჯგუფთან" ერთად ყაზბეგის გამზირზე სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ყოფილი შენობის ტერიტორიაზე, თაუერების მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს.
კომპანიის საინვესტიციო მიმართულების ხელმძღვანელი თორნიკე ჯანაშვილი "კომერსანტთან" საუბარში ხეების მოჭრის ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, თაურების პროექტები გრძელდება.„ ჯერ-ჯერობით ყველაფერი უცვლელია. პროექტირება გრძელდება და ჯერ მშენებლობა არ მიმდინარეობს. ხეებზე კვლევა ჩატარდა და ექსპერტების მიერ დასკვნა დაიდო. რომელი ხეებიც გადარგვას ექვემდებარებოდა გადაირგა, ხოლო რომელი ხეებიც მოჭრას ექვემდებარებოდა მოიჭრა.
ხეების აღდგენითი გადასახადი 60 000 ლარი კომპანიამ ბიუჯეტში გადაიხადა, გარდა ამისა ადგილზე დაახლოებით 4-ჯერ უფრო მეტი ნერგის დარგვას ვგეგმავთ ვიდრე მანამდე იყო." - განაცხადა თორნიკე ჯანაშვილმა.