სიახლეები
-
19 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
საქართველოს პრეზიდენტის სასახლე, ერთ კვარტალში გაერთიანებულ განსხვავებული არქიტექტურის შენობათა კომპლექსი
პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია, მდებარეობს დედაქალაქ თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, ისტორიულ ავლაბარში (აქედან მომდინარეობს სახელიც), მ. აბდუშელიშვილის ქუჩა № 1. სასახლე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2004-2009 წლებში აშენდა. მასზე რამდენიმე არქიტექტორი მუშაობდა. პროექტის ავტორია არქიტექტორი გიორგი ბათიაშვილი, თუმცა საბოლოო სახე მას იტალიელმა მიკელე დე ლუკიმ შესძინა, რომელსაც ასევე ეკუთვნის საქართველოს შსს-ს ახალი შენობა ისან–სამგორის რაიონში და შედარებით მოგვიანებით აგებული მშვიდობის ხიდი. რეზიდენცია ოფიციალურად 2009 წლის 12 ივლისს გაიხსნა. იგი წარმოადგენს ერთ კვარტალში გაერთიანებულ განსხვავებული არქიტექტურის შენობათა კომპლექს, რომელიც შიდა ეზოს ირგვლივ ერთიანდება. პრეზიდენტის სასახლე ბარათაშვილის აღმართისკენ უშუალოდ კლდეზე გამოდის და მთაწმინდისკენ იხსნება თავისუფალი ხედით. სასახლის კომპოზიცია კლასიკურია — სამ-პორტიკიანი ჰორიზონტალური შენობა, ცენტრში გუმბათით სრულდება. მის სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას მარტივი მოცულობის, გეგმაში „Γ“-ს ფორმის, შენობა, განკუთვნილი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის (კანცელარიისთვის), რომელიც სპეციალური გადასასვლელით უკავშირდება პრეზიდენტის სასახლეს.