სიახლეები
-
2016 წლის სეზონზე ბათუმში არაბრენდირებული სასტუმროები გაძვირდება
2016 წლის ზაფხულის სეზონი ნელ-ნელა ახლოვდება და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა სიახლეებსა და ცვლილებებს შესთავაზებს საქართველოს ზღვისპირეთში მდებარე არაბრენდირებული სასტუმროები მომხმარებელს.
MyRest.Ge დაინტერესდა, თემით - შეიცვლება თუ არა ბათუმში მდებარე სასტუმროების ფასები 2016 წელს, გასული წლის სეზონთან შედარებით.
ბათუმში მდებარე არაბრენდირებული სასტუმროები მიმდინარე წლის სეზონზე ფასების მატებასა და სხვადასხვა, მომხმარებლისთვის სასარგებლო, აქციის შემცირებაზე ამახვილებენ ყურადღებას.
ლარის კურსის არაპროგნოზირებადი სიტუაციის გამო ფასდაკლებების გაუქმებაზე საუბრობს სასტუმრო „GRAND RIXOSS PALACE“ - ის წარმომადგენელი MyRest.Ge-სთან. მისი თქმით, შესაძლოა, სასტუმრომ 2015 წლის სეზონის ფასები შეინარჩუნოს, თუმცა მომხმარებელზე მიმდინარე პროცესები მაინც უარყოფითად აისახება.
„ვფიქრობთ, მოვახერხებთ და ფასები წინა წლის სეზონის იდენტური იქნება. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს აქტიურად, იგივე რაოდენობით ვეღარ შევთავაზებთ იმ ფასდაკლებებსა და აქციებს, რომელსაც გასულ წელს ვთავაზობდით“ , - ამბობენ „GRAND RIXOSS PALACE“ - ში.
მოთხოვნდიდან გამომდინარე ფასების მომატებაზე ამახვილებს ყურადღებას სასტუმრო „პრემიუმ პალასის“ წარმომადგენელიც.
„ არ არის გამორიცხული, რომ 2016 წლის სეზონზე სასტუმროებში და მათ შორის, ჩვენს სასტუმროშიც ფასების გადახედვა მოხდეს. ასევე, არსებობს შანსი, რომ მომსახურება გავაძვიროთ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება მიმდინარე სეზონი და რამდენად დიდი იქნება მოთხოვნა“ , - ამბობენ „პრემიუმ პალასში“.
მიმდინარე წლის სეზონზე მომხმარებელს ფასების შენარჩუნებას პირდება ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „Batumi World Palace“ .
სასტუმროს წარმომადგენლის თქმით, ფასების რედაქტირება არ იგეგმება და 2016 წელს იგივე ფასად შეეძლებათ მომხმარებლებს დასვენება, რა ფასადაც 2015 წელს ისვენებდნენ.
„Batumi World Palace“ - სგან განსხვავებით და სხვა სასტუმროების მსგავსად ფასების 20%-იან მომატებაზე საუბრობს სასტუმრო „Porto Franco“ წარმომადგენელი.
მისი თქმით, მომსახურე პერსონალის ხელფასი, დამსვენებლების კვება და სხვა მომსახურება ბევრად მეტი ღირს წელს, ვიდრე 2015 - ში იყო მისი ღირებულება
„გამომდინარე იქიდან, რომ ლარის კურსი კვლავ არასტაბილურია, სასტუმროში ფასების მომატება იგეგმება, რადგან წელს უფრო ძვირი იქნება მომსახურე პერსონალის ხელფასის გადახდა, კვების ღირებულება და ა.შ“ , - ამბობენ „Porto Franco“ - ში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, გასულ სეზონზე 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,23 – 2,41 ლარის ფარგლებში მერყეობდა, დღეის მონაცემებით კი, 1 დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.3052-ია.
MyRest.Ge აჭარის კურორტებზე არსებული სხვა კატეგორიის სასტუმროების ფასებითაც დაინტერესდება, რომელთა შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.





