სიახლეები
-
16 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
ლენჯერსა და ფარში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა იწყება
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ–გვერდის მეშვეობით მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ლენჯერსა და ფარში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის შესახებ (განცხადების ნომერი– NAT160000838).
შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 606 597 (ექვსასი ათას ხუთას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარი.
სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „თი ემ“.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს მიწოდების ვადაა 2016 წლის 30 დეკემბრამდე, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება 2017 წლის 30 დეკემბრამდე.
პროექტის დაფინანსების წყაროა – 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 95% და ადგილობრივი ბიუჯეტი 5%.
მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულში საბავშვო ბაღი გათვლილია 50 აღსაზრდელზე, ბაღის შენობის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 299 884 ლარი. მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის ტერიტორიულ ერთეულში საბავშვო ბაღის (50 ბავშვზე) შენობის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება კი 306 201 ლარი.
შეგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ–ერთი ძირითადი პრიორიტეტი გახლავთ სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სწორედ აქედან გამომდინარე ეტაპობრივად მიმდინარეობს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების საბავშვო ბაღების მშენებლობა მესტიის მუნიციპალიტეტში.
დაგეგმილია და დაპროექტებულია 16 თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების საბავშვო ბაღების მშენებლობა მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში, აქედან აშენებულია და მიმდინარე წელს უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში ჭუბერში ყარ–სგურიშისა და ნაკრას საბავშვო ბაღების შენობები, ხოლო დანარჩენი ბაღების მშენებლობა ეტაპობრივად განხორციელდება.