სიახლეები
-
ხარების დღესასწაულზე პატრიარქი წირვას სვეტიცხოველში აღავლენს
პატრიარქმა მორწმუნეებს მოუწოდა, გადადონ ყველა მატერიალური საზრუნავი ხარების დღეს და სვეტიცხოველში მივიდნენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხარების დღესასწაულზე საზეიმო ღვთისმსახურებას ხუთშაბათს, 7 აპრილს, სვეტიცხოვლის ტაძარში აღავლენს. წირვა დილის 10 საათზე დაიწყება. ამის შესახებ უწმინდესმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
როგორც ილია მეორემ ბრძანა, დღესასწაულთან დაკავშირებით საღამოს ლოცვაც ჩატარდება, რომელიც 6 აპრილს სამების ტაძარში 18:00 საათზე დაიწყება.
„როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ხარება ისეთი დღესასწაულია, როდესაც ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს. ამ დღეს ყველა ადიდებს უფალს. ამიტომ თქვენც გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა", — აღნიშნა ილია მეორემ.
მართლმადიდებლური ეკლესია 7 აპრილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.





