სიახლეები
-
01 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
ქართველი დეველოპერები "ჰუალინგის" მენეჯერის განცხადებას არ ეთანხმებიან
დეველოპერული კომპანიები ქართულ ცემენტს ენდობიან და მისი ხარისხის მიმართ ეჭვები არ აქვთ. ქართული წარმოების სამშენებლო მასალების ხარისხზე „კომერსანტი" მუდმივად წერდა. „ჰუალინგ ჯგუფის" ერთ-ერთმა ტოპმენეჯერმა მი წაიციმ ეს თემა კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში. ჩინელმა ტოპმენეჯერმა ქართულენოვან „ფორბსთან" სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში ცემენტი მოძველებული ტექნოლოგიებით იწარმოება. ტოპმენეჯერი მისი კომპანიის პროექტის, „შავი ზღვის ცემენტის" შესახებ საუბრისას ამბობს, რომ ახალი ქარხნის პროდუქცია საქართველოს ცემენტის ბაზრის დაახლოებით 50%-ს დაიკავებს.
„კომერსანტი" შეეცადა გაერკვია, რამდენად ენდობიან დეველოპერული კომპანიები ქართული წარმოების ცემენტს და მშენებლობის პროცესში უპირატესობას ადგილობრივ პროდუქციას ანიჭებენ თუ იმპორტირებულს?
სამშენებლო კომპანიების გამოკითხვამ აჩვენა, რომ მშენებლები საქართველოში წარმოებულ ცემენტს ცალსახა ნდობას უცხადებენ. დეველოპერული კომპანია „ჯი დი ჯის" დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ ბაზარი, როგორც ხარისხიანი, ისე უხარისხო ცემენტითაა გაჯერებული. მისივე თქმით, ყველა კომპანია სანდო არ არის. თუმცა იმის თქმა, რომ ქართული ცემენტი უხარისხოა, არასწორი იქნება.
„დღეს ბაზარზე, რამდენიმე ლიდერი კომპანიაა, რომლის ცემენტი ნამდვილად შეესაბამება სტანდარტებს. ესენია, „ჰაიდელბერგცემენტი" და „თბილცემენტი". მათი ცემენტი ძვირია, თუმცა ხარისხიანი"-აცხადებს წაქაძე.
მისი თქმით, კომპანია „ჯი დი ჯი" ბეტონის ჩასხმის წინ აკონტროლებს ხარისხს და არასოდეს შეხვედრიათ უხარისხო მასალა. „სერიოზული მშენებელი ბეტონის ხარისხს აკონტროლებს. მგონია, რომ ეს მონიტორინგი ყველა სერიოზულ დეველოპერულ კომპანიაში ხდება. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ცემენტის ხარისხს ყველა ენდობა"-აცხადებს წაქაძე.
სამშენებლო კომპანია „ივერონის" დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი ამბობს, რომ უპირატესობას ქართულ ცემენტს ანიჭებს. მისი თქმით, მისი კომპანია ძირითადად ბეტონს მოიხმარს, და ყველა ლაბორატორიული შემოწმების შედეგად მისი ხარისხი სრულად აკმაყოფილებს დადგენილ ნორმებს.
მისივე ინფორმაციით, ახალ სამშენებლო კოდექსში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული სერიოზული კონტროლი მშენებლობის ხარისხზე. მათ შორის, სამშენებლო მასალებზე. ჯაყელი ამბობს, რომ აღნიშნულმა რეგულაციებმა შესაძლოა მშენებლობა შედარებით გააძვიროს, თუმცა, ეს გახდება იმის გარანტი, რომ ახალი მშენებლობები სანდო და ხარისხიანი იყოს.
კომპანია „სანრემას" ხელმძღვანელი ზაზა სანიკიძეც აცხადებს, რომ ქართულ წარმოების ცემენტი აკმაყოფილებს სტანდარტს და ხარისხიანია.
ამ ეტაპზე ბაზრის ლიდერი „ჰაიდელბერგცემენტია,". კერძოდ, დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოში 3 ინტეგრირებული ცემენტის ქარხნით არის წარმოდგენილი (კასპსა და რუსთავში), ასევე ფლობს ცემენტის დამფქვავ ქარხანას ფოთში. კომპანიის მიერ წარმოებული ცემენტის წლიური მოცულობა 2 მლნ ტონას აჭარბებს და მისი წარმომადგენლების განცხადებით, პროდუქცია მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
"ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი" ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის ქართული შვილობილი კომპანიაა, რომელიც საქართველოში ცემენტის წარმოების ბაზრის ლიდერია," - აცხადებენ კომპანიაში, თუმცა უშუალოდ ჩინელი ტოპმენეჯერის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებენ.
„ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც წამყვანი პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების კუთხით.ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი წარმოდგენილია 60-ზე მეტ ქვეყანაში და დასაქმებული ყავს 63,000 ადამიანი 3000 ლოკაციაზე," - ამბობენ კომპანიაში.
რაც შეეხება ტექნოლოგიებს, კომპანიაში ამბობენ, რომ ადგილობრივ დონეზე „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას" გააჩნია ტექნიკური საშუალება ევროპული ნორმებით გათვალისწინებული ყველა ტიპის ცემენტის საწარმოებლად. შედეგად, კომპანია ცემენტითა და ბეტონით თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს ამარაგებს საქართველოში.
რამდენიმე კვირის წინ ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსმა, საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა და ჰანიველპარტნერსმა $120 მლნ ამერიკული დოლარის საინვესტიციო ღირებულების ერთობლივი პროექტი დაიწყეს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის ცემენტის და ბეტონის ქარხნების გადაიარაღებას თანამედროვე, ენერგოეფექტური და მაღალტექნოლოგიური დანადგარებით.გასული სტატია > „ჰუალინგის“ ტოპმენეჯერის განცხადებით, საქართველოში ცემენტი ძველი ტექნოლოგიებით იწარმოება - როგორია „ჰაიდელბერგცემენტის“ რეაქცია?
კომერსანტი