სიახლეები
-
01 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
გორში ქარის ელექტროსადგურის ტურბინების დამონტაჟება დაიწყო
გორის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური "ქართლი" შენდება. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ტურბინების სამონტაჟო სამუშაოები, რომელიც სექტემბერში დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება ელექტროსადგურის ტესტირება.
მას შემდეგ, რაც ელექტროსადგური გამოცდას გაივლის, დეკემბერში სახელმწიფო ელექტროსისტემა მიღებულ ელექტროენერგიას ენერგოქსელში გაანაწილებს. ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20 მეგავატია.
ქარის ელექტროსადგურის ასამუშავებლად ქარის სიჩქარე მინუმუმ 3 მ/წმ უნდა იყოს, გორში კი საშუალო სიჩქარე 8.5 მ/წმ-ია.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელექტროსადგური ძირითადად EBRD-ის სესხით შენდება, რომელიც 24 მილიონ დოლარს შეადგენს. დამატებით 6 მილიონი კი ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის სახსრებია. პროექტს ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივით, ენერგეტიკის განვითარების ფონდის შვილობილი კომპანია შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ ახორციელებს, სამშნებებლო სამუშაოებს კი - China Nuclear Industry. ენერგეტიკის სამინისტოში ვარაუდობენ, რომ მშენებლობაზე გაწეულ ხარჯებს ელექტროსადგური ექსპლოატაციაში შესვლიდან 7 წლის ვადაში ამოიღებს.