სიახლეები
-
29 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
თბილისში დაუმთავრებელი შენობების დასრულებისთვის, პარლამენტი ახალ კანონპროექტზე მუშაობს
პარლამენტი სამშენებლო კომპანიებისთვის შეღავათებზე მუშაობს. ცვლილებას “ადგილობრივი მოსაკრებლის” შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის ინიციატორი პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძეა. პროექტის თანახმად, წესდება K2-ის გაზრდისას დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გრაფიკი. მიზეზად დაუმთავრებელი შენობების დასრულება სახელდება. სპეციალური (ზონალური) შეთანხმებისთვის (K2 )-ის მოსაკრებლის ოდენობა ნამატი სამშენებლო ფართობის ერთ კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 400 ლარს. კანონპროექტით საკრებულოს ამ მოსაკრებლის გადახდის, გადახდისგან გათავისუფლების, აგრეთვე, მოსაკრებლის გადახდის გადავადების (განაწილვადების) წესი და პირობების დადგენის უფლება ეძლევა.
როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა ირინა ჩხენკელმა „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, ცვლილება სამშენებლო კომპანიებს დაუსრულებელი მშენებლობების დასრულებაში დაეხმარება. საუბარია განაშენიანების კოეფიციენტის გადასახადის გადავადებაზე.
„კომპანიებს აღარ მოუწევთ ერთბაშად გადაიხადონ გადასახადი. ხშირია შემთხვევები, როდესაც სწორედ ამ მიზეზით ხდება მშენებლობების შეჩერება. ეს არის გარდამავალ დებულებაში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანო, ნორმატიული აქტით თბილისის ტერიტორიაზე K2 კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შეცვლისას საფასურის გადახდის წესს დაამტკიცებს“, - აცხადებს ირინა ჩხენკელი. მისივე თქმით, კანონპროექტი პირველი მოსმენით სავალდებულო კომიტეტებმა დაამტკიცეს და სავარაუდოდ სექტემბერში წამყვანი კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ცვლილება ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე და შეეხებათ იმ კომპანიებს ვისაც უკვე აქვთ მიღებული სამშენებლო ნებართვა. ირინა ჩხენკელის განცხადებით, ინიციატივას იცნობს თბილისის მერიაც, სადაც სპეციალური ჯგუფია შექმნილი, რომელიც დაუმთავრებელ სამშენებლო სამუშაოებზე მუშაობს. ამ დროისთვის მერიაში 100-ზე მეტი მსგავსი შემთხვევის განხილვა მოხდა, როდესაც დეველოპერებისთვის პრობლემას აღნიშნული გადასახადი წარმოადგენს.