სიახლეები
-
საკრებულოს მოთხოვნით, შესაძლოა, თბილისში ცათამბჯენის მშენებლობა შეჩერდეს
თბილისში დაგეგმარებისა და მშენებლობების პრობლემა იმდენად თვალსაჩინოა, რომ ამას, დამატებითი კვლევა, არც სჭირდება, მაგრამ საჭიროა კარგად გაკონტროლდეს ეს სფერო და სწორად განისაზღვროს სად და როგორი მშენებლობა იქნება დაშვებული. საკითხის მცოდნე ექსპერტები ფიქრობენ, რომ პრობლემის მოგვარებას ცალკე სახელმწიფო ერთეული შეძლებს, რომელიც სივრცით დაგეგმარების პოლიტიკას განსაზღვრავს. სანამ ასეთი უწყება გაჩნდება, პრობლემის გადაწყვეტას თბილისელები ლოკალურად ცდილობენ.
მაგალითად, თბილისის საკრებულომ მერიას თხოვნით მიმართა, მარშალ გელოვანის გამზირზე ცათამბჯენის მშენებლობა დროებით შეაჩეროს. ამ მიმართვის მიზეზი მოსახლეობის პრეტენზია გახდა, რომლებიც საცხოვრებელ კორპუსთან მშენებლობის ზედმეტ სიახლოვეს აპროტესტებენ.
მოქლაქეებმა მშენებლობის შეჩერების თხოვნით უკვე მიმართეს მერიას და საკრებულოს. საკანონმდებლო ორგანოში კი, საკითხი გარემოს დაცვის და ადამიანის უფლებათა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე მათთან ერთად განიხილეს. საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების - შორენა ბუხრაშვილისა და გულიკო ზუმბაძის განცხადებით, მათ აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით, თბილისის მერიას ერთობლივი შუამდგომლობითაც მიმართეს.
პროექტის თანახმად, ვაშლიჯვრის ასახვევთან მრავალფუნქციური 24-სართულიანი შენობა უნდა აშენდეს, 3-დონიანი მიწისქვეშა ავტოპარკინგით. პირველი სამი სართული კომერციული დანიშნულების იქნება, დარჩენილი სართულები კი საცხოვრებელი. მშენებლობის დაწყების დღიდან უკმაყოფილოები არიან მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კორპუსების მაცხოვრებლები. ისინი აცხადებენ, რომ მსგავსი მასშტაბის შენობის აღნიშნულ ადგილზე აგება დაუშვებელია. მშენებლობაზე ნებართვა 2015 წელს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერაა გაცემული და არსებული ინფორმაციით, უწყებაში სამუშაოების შეჩერების საფუძველს ვერ ხედავენ.
„საქართველოს არქიტექტორთა კავშირის" თავმჯდომარე დავით აბულაძე ამბობს, რომ მშენებლობების კუთხით დედაქალაქში კატასტროფული მდგომარეობაა.
„მივესალმები ასეთ პრეცედენტებს, თუ საკრებულომ რაღაც დარღვევების გამო, მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ მოსალოდნელი რისკები გათვალისწინებული უნდა იყოს მშენებლობის ნებართვამდე. დღეს მოქმედი კანონმდებლობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს რისკები გავითვალოსწინოთ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში დღემდე პრეცედენტულად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და კანონში არ ვიხედებით. უპირველესად კანონში არ იხედება მოხელე, რომელიც ამ გადაწყვეტლებას იღებს. ვწუხვარ, რომ ამ პროცესებში ჩართულები არიან ჩემი კოლეგებიც, შეუძლებელია დამკვეთს რაც უნდა დიდი ინტერესი ჰქონდეს, პროექტის გარეშე შეძლოს ნებართვის მიღება",- ამბობს აბულაძე.
არქიტექტორის განმარტებით, დღეს გვაქვს ასეთი სიტუაცია, რომ მშნებლობებთან დაკავშირებით პრეტენზიები იწყება მას შემდეგ, რაც უკვე ნებართვები გაცემულია. ამ პროცესის შეჩერება კი მთელ რიგ სამართლებრივ პროცედურებს უკავშირდება და დროშიც იწელება.
„მშენებლობის ნებართვის გაცემიდან, მშენებლობის პროცესამდე საკმაოდ დიდი პერიოდია და ხშირად რიგი მშენებლობების ნებრათვები, რომლებიც დღეს იწყება, გაცემულია გაცილებით ადრე. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია რეგულაციები იმდაგვარად დავაწესოთ, რომ არამართებული მშენებლობების აკრძალვებს სრულად მივაღწიოთ. ეს სამართლებრივად საკმაოდ რთული პროცედურებია. მისი გაუქმება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია. ილუზია არ მაქვს რომ დღესაც აღარ ხდება არამართებული მშნებლობის ნებართვების გაცემა. მას შემდეგ რაც ჩვენ გავხდით დამოუკიდებელი ქვეყანა, დაგეგმარების ინსტიტუტები მოიშალა. კოლეგების ნაწილი დღესაც მიიჩნევს, რომ ეს ინსტიტუტი საჭირო არ არის. მე ვფიქრობ, რომ საჭიროა. ქალაქის არქიტექტურის სამსახური იმდენად გადატვირთულია ყოველდღიური საქმეების მიმდინარეობით, საჭიროა შეიქმნას ცალკე სახელმწიფო ერთეული, რომელიც სივრცით დაგეგმარების პოლიტიკას განსაზღვრავს", - აცხადებს დავით აბულაძე.
ქალაქის დაგეგმარების სასამხურის შექმნასთან ერთად დავით აბულაძე მიიჩნევს,რომ სიტუაციიდან გამოსავალი კარგად გააზრებული და გამართული მიწასთსარგებლობის გენერალური გეგმა იქნება, რომელზე მუშაობაც უკვე დაწყებულია.
„კატასტროფული მდგომარეობაა, ნათელია, რომ ქალაქმა გადაჭარბებული მშენებლობები ვერ გააჩერა. ამან გამოიწვია სატრანსპორტო და ეკოლოგიური პრობლემები. შერჩეულია გუნდი, რომელიც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ამუშავებს და პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე მთავრდება. ეს მოიცავს, ძირითადად, საბაზისო მონაცემებს, რაზეც უნდა მოხდეს შემდეგ ქალაქის განვითარება. ზოგადად, ეს არის კარგი პროცესი, რომ სამოხელეო სტრუქტურამ მართვის ეფექტური მექანიზმი დაიბრუნოს. როდესაც დოკუმენტში გაწერილ პრინციპებს დავიცავთ, სადაც დაბალანსებული იქნება სოციალური, ეკონომიკური, გარემოს დაცვის, კულტურული მემკვიდრეობის საკითხები, ვფიქრობ, ეს მოგვცემს საშუალებას, პრინციპების დონეზე განვსაზღვროთ, რა ტიპის ქალაქი შეიძლება მივიღოთ", - აცხადებს „არქიტექტორთა კავშირის" თავმჯდომარე.





