სიახლეები
-
25 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
დღეს თბილისში "ვეფხისტყაონის" მოტივებზე შექმნილი სასტუმრო იხსნება
„ვეფხისტყაონის" მოტივებზე შექმნილი სასტუმრო Rustaveli Boutique Hotel"-ი დღეს იხსნება. სასტუმრო თავისუფლების მოედანზე მდებარეობს.
სასტუმრო საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელობით, ისრაელური კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მისი ინტერიერი ეფუძნება პოემა „ვეფხისტყაოსნის" მოტივებს. როგორც ბიზნეს პალატიდან Thouse.ge - ის გვაცნობეს, გახსნის ცერემონიას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის მერი დავით ნარმანია და სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული ლეგენდარული საკალათბურთო გუნდის, თელ ავივის „მაქაბის" მოთამაშეები დაესწრებიან. სასტუმროს ნომრები პოემის გმირებისა და უცხო ენაზე ცნობილი მთარგმნელების სახელს ატარებს, ინტერიერში კი მთავარი ადგილი უჭირავს შოთა რუსთაველისა და ტარიელის მსხვილ, ქვაში გამოსახულ პორტრეტებს. ერთ-ერთი კედელი ასევე ქვაზე, სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, ებრაული) შესრულებულ, რუსთაველის აფორიზმებს უკავია.მათივე განმარტებით, სასტუმროში მოეწყო ბიბლიოთეკა, სადაც სტუმარს შეეძლება გაეცნოს ლიტერატურას საქართველოსა და ისრაელის შესახებ, ვეფხისტყაოსნის უცხოურ თარგმანებს, კლასიკოსების შემოქმედებას, ხოლო მონიტორებზე იტრიალებს ვიდეორგოლები საქართველოს კულტურის, ხელოვნების, არქეოლოგიისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ. სტუმრებსა და თბილისის ვიზიტორებს სასტუმროში მოემსახურება ახლად შექმნილი კაფე-გალერეა „ფრეშ", რომელიც მათ მხოლოდ ჯანსაღ კერძებს შესთავაზებს. კაფე-რესტორანს სპეციალურად იტალიიდან მოწვეული შეფ-მზარეული გაუძღვება. სასტუმროს აქვს 80-კაციანი დარბაზი და ბარი. დღის ბოლოს კი სტუმრებისთვის ჯაზისა და კლასიკური მუსიკის საღამოები გაიმართება.
სასტუმროს ვიზიტორებისათვის შეიქმნა ორი პროექტი: კულტურისა და ექსკლუზიური „ველნეს" ტურები. ტურებს მოემსახურებიან კვალიფიციური გიდები და ისრაელში სტაჟირებული სამედიცინო პერსონალი.
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს განცხადებით, შეიქმნა მცირე ბუტიკ-სასტუმრო, მასში ჩაიდო 3,5 მილიონი პირადი ინვესტიცია ისრაელიდან, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ინვესტორები ისრაელიდან საქართველოში ორიენტირებულნი არიან მაღალი დონის პროდუქციის შექმნაზე.
„სასტუმრო შეიქმნა ვეფხისტყაოსნის მოტივების მიხედვით და ამით ხაზი გაესვა, რომ საქართველო არის არა მხოლოდ კულინარიისა და ხედების, არამედ კულტურის ქვეყანა. აქ შემოსულ თითოეულ სტუმარს ეცოდინება რუსთაველისა და მისი პოემის შესახებ, გაეცნობა როგორც უძველეს, ასევე თანამედროვე ქართულ კულტურას, მიიღებს მაღალი დონის მომსახურებას, მოუსმენს ჯაზს, კლასიკურ მუსიკას, მიირთმევს მხოლოდ ჯანსაღ კერძებსა და სასმელს", – აცხადებს იციკ მოშე.
ამჟამად საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელობით თბილისში მაღალი კლასის სასტუმროების ხუთი პროექტი მიმდინარეობს. „Rustaveli Boutique Hotel" ერთ-ერთი მათგანია, დანარჩენი რამდენიმე თვეში დასრულდება. ხუთივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 100 მლნ დოლარს აღწევს.