მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  აგვისტო  2016

    „თბილისის ზღვის პლაზა" – ამიერკავკასიაში უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი დეკემბერში გაიხსნება

    თბილისში, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი იხსნება. „ჰუალინგ ჯგუფი" სავაჭრო ცენტრ „თბილისის ზღვის პლაზა - ს" გახსნას წლის ბოლოს გეგმავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ თბილისის ზღვის პლაზა არის სავაჭრო კომპლექსი, რომელიც მოიცავს როგორც ერთსართულიან შენობებს, ასევე ცენტრალურ ხუთსართულიან, ნახევარი კილომეტრი სიგრძის თანამედროვე შენობას, რომლის გახსნაც იგეგმება დეკემბერში. მათივე თქმით, სავაჭრო კომპლექსში იფუნქციონირებს სასაწყობე მეურნეობა, საბაჟო საწყობები და საბაჟო ტერმინალი.

    ცენტრალური შენობის სრული ფართობი არის 120 000 კვ. მ. ამჟამად სავაჭრო ცენტრში ერთსართულიანი შენობები 85 პროცენტით არის დატვირთული. აქ წარმოდგენილია შერეული ტიპის მაღაზიები და სხვადასხვა საქონელი. ცენტრალურ შენობის ფართების გაქირავება კი ორი თვის წინ დაიწყო, დატვირთულია დაახლოებით 30%, თუმცა მენეჯმენტის გათვლებით, დეკემბრამდე შენობის 70% იქნება დატვირთული.

    „ჰუალინგ ჯგუფში" ამბობენ, რომ კონტრაქტები გაფორმებულია საქართველოში ცნობილ რამდენიმე ბრენდთან, მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ბრენდთან და ცენტრში წარმოდგენილი იქნება როგორც საქართველოში უკვე არსებული ასევე ახალი ბრენდები, როგორც ქართული ისე უცხოური მაღაზიები, თუმცა კომპანია ამ ეტაპზე ბრენდების დასახელებისგან თავს იკავებს.

    მათივე თქმით, „თბილისის ზღვის პლაზას" ბაზარზე არსებული სავაჭრო ცენტრებისგან განსხვავებით სრულიად ახალი კონცეფცია აქვს, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს მრავალფეროვან მომსახურებას. აქ იქნება გასართობი ცენტრები პატარებისთვის და დიდებისთვის. ე.წ „ფუდ კორტი", სარემონტო და სამშენებლო მასალები და სხვა. სავაჭრო ცენტრი იქნება კეთილმოწყობილი ესკალატორებით, ლიფტებით, საბაჟო საწყობები, თანამედროვე ლოგისტიკური სისტემით. თბილისის ზღვის პლაზა იქნება როგორც საცალო ისე საბითუმო ცენტრი.

    საერთაშორისო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" ქვეყნის უმსხვილესი ინვესტორია. საქართველოში მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორისაა "თბილისის ზღვის ახალი ქალაქი". კომპანია ფლობს სასტუმროს, კომერციულ ბანკს და წლის ბოლოდან ახალი ავიაკომპანიის შემოყვანასაც გეგმავს.

     

     

     


პარტნიორები