სიახლეები
-
20 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
მიწის რეგისტრაციისას აზომვითი სამუშაოების საფასურს სახელმწიფო იხდის
მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით საკადასტრო აზომვითი ნახაზების საფასურს ამზომველებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აუნაზღაურებს. რა ოდენობის ხარჯს აიღებს საკუთარ თავზე სახელმწიფო და რა მიზანს ემსახურება აღნიშნული პროექტი, - თემაზე “საქმიან დილასთან“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია საუბრობს.
-ბატონო ირაკლი, რა ტერიტორიას მოიცავს ღონისძიებები?
-საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფოს ქონების ეროვნული სააგენტო აგეგმვითი/აზომვითი ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით პროექტს ახორციელებს. აღნიშნული ბრძანების მიხედვით, პროექტი პირველივე ეტაპზე მთელ საქართველოს მოიცავს. აქ საუბარია კონკრეტულად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. პროცედურა შემდეგია: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე, რომელსაც საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის შესაბამისი დოკუმენტი გააჩნია და დაინტერესებულია ამზომველს მიმართავს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, რეგისტრაციის მიზნით წარადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტაციას, მათ შორის აზომვითი ნახაზების მომზადების დამადასტურებელ დოკუმენტაციას: ამზომველთან გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებას; შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ მიღება-ჩაბარების აქტს; გაწეული მომსახურების ხარჯების ამსახველ დოკუმენტს დ ა ამზომველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ამზომველს სახელმწიფო აუნაზღაურებს, ანუ მოქალაქე არცერთ თეთრს არ იხდის იმ შემთხვევაში, თუ ეს ანაზღაურება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ სახსრებს ექვემდებარება. სახელმწიფო ჰექტარ ნახევრამდე 80 ლარის ფარგლებში აანაზღაურებს, ხოლო 5 ჰექტრამდე 100 ლარის ფარგლებში.
-ანუ სახელმწიფო 100 ლარს გადაიხდის და საჭიროების შემთხვევაში დანარჩენს მიწის მფლობელი იხდის?
-ჩვენ გამოკითხვები და კვლევა ჩავატარეთ, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ ეს მისაღები ფასია. გამოყოფილი თანხები კონკრეტული კვლევის მიხედვით არის დადგენილი, რა ფასებიც ბაზარზეა. ჩვენი ვარაუდით, მოსახლეობას არანაირი თანხის გადახდა არ უნდა მოუწიოს, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ამზომველის გადასაწყვეტია.
-ვისაც უკვე რეგისტრირებული აქვს მიწა ვალდებულია, რომ ხელახლა აზომოს?
-დაურეგისტრირებელი მონაცემები თანამედროვე სტანდარტებითა და ტექნოლოგიებით იხვეწება. ის, ვისაც რეგისტრირებული აქვს თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, რა თქმა უნდა, ვალდებული არ არის ხელახლა ჩაატაროს პროცედურა. აქ საუბარია დაურეგისტრირებელ მიწებზე.
-თანამედროვე სტანდარტებში რას გულისხმობთ ?
-ეს არის საკადასტრო მონაცემები, რომლითაც მთელი ქვეყნის დაფარვა, საკადასტრო მონაცემის სრულყოფა ხდება და ყველა ამზომველი აღნიშნული წესების მიხედვით განახორციელებს აზომვას, მითუმეტეს ახალი სტანდარტებითა და წესებით, რომელიც გამოქვეყნდა და გავრცელებულია.
-პროექტის მიზანი რა არის?
-კვლევებმა და ანალიზმა აჩვენა, რომ მოქალაქეთა უმეტესობას საკუთარების დამადასტურებელი დოკუმენტი გააჩნია, მაგრამ გარკვეული ფინანსური უსახსრობის გამო აზომვის ნახაზის მომზადებას ვერ ახერხებს. აღნიშნული პროექტიდან გამომდინარე კი მთლიანად საფასურისგან გათავისუფლდა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დარეგისტრირება საჯარო რეესტრში უფასოა და ამას ამ პროექტით დაემატა ის, რომ აზომვითი ნახაზის გაკეთებაც უფასო გახდა. დოკუმენტაციის მოგროვებაში საჯარო რეესტრი მოქმედი კანონის მიხედვით დაეხმარება მოქალაქეს და ის ყოველგვარი გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება. პროექტი ხელს შეუწყობს სახელმწიფო ქონების აღრიცხვას და გაიმიჯნება რა არის კერძო საკუთრება და რა სახელმწიფო.