მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 18  აგვისტო  2016

    „თაუერები,“ Park Inn by Radisson–ი და Golden tulip–ი – თბილისში სამი მასშტაბური პროექტი განხორციელდება

    საინვესტიციო კომპანია „ბლოკ ინვესტი" თბილისში სამი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. როგორც კომპანიის საინვესტიციო მიმართულების ხელმძღვანელი თორნიკე ჯანაშვილი რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, „ორბი ჯგუფთან" ერთად ყაზბეგის გამზირზე სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ყოფილი შენობის ტერიტორიაზე, თაუერების მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს. ჯანაშვილის თქმით, ამჟამად ძველი შენობის დემონტაჟი დასრულდა და პროექტირების ეტაპია, რაზეც ქართველი და უცხოელი არქიტექტორები მუშაობენ. მისივე თქმით, უახლოეს ხანებში აიღებენ ნებართვას და წლის ბოლომდე მშენებლობა უნდა დაიწყოს. თორნიკე ჯანაშვილის ინფორმაციით, პარალელურად მიდის მოლაპარაკება ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ „ხრუშოვკების" მცხოვრებლებთან და თუ შეთანხმება მოხდა, პროექტში ამ ტერიტორიის განვითარებაც ჩაიწერება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 140 მილიონი დოლარია, პროექტის მიხედვით

    120 ათას კვადრატულ მეტრზე ორი თაუერი აშენდება, რომელიც იქნება მულტიფუნქციური, შენობაში განთავსდება როგორც კომერციული ფართები ისე რამდენიმე სასტუმრო და აპარტ ოტელი.

    „ბლოკ ინვესტი" „ საპარტნიორო ფონდთან" ერთად სამვარსკვლავიანი სასტუმროს Park Inn by Radisson -ის პროექტზეც მუშაობს. სასტუმრო ჭანტურიას ქუჩაზე სასტუმრო „თორის" ადგილზე უნდა მოეწყოს. თორნიკე ჯანაშვილის ინფორმაციით, მიმდინარეობს ფინანსური ნაწილის დამუშავება და პროექტირება, სასტუმროს დემონტაჟი სექტემბერში უნდა დაიწყოს და შემდეგ უკვე მომავალი წლის დასაწყისში მშენებლობაც დაიწყება.

    პროექტის თანახმად, სასტუმრო 200–ნომრიანი იქნება, რომელიც მოიცავს კაფე რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახებს და ა.შ.

    სასტუმროს მშენებლობა 2017 წელს დასრულდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 25 მლნ აშშ დოლარია.

    რაც შეეხება მესამე სასტუმროს, ის „შერატონის" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. „ბლოკ ინვესტის" წარმომადგენელი ამბობს, რომ სასტუმროს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი გახსნა გაზაფხულზე იგეგმება, სასტუმრო 80 ნომრიანია და Golden tulip-ის ბრენდის ქვეშ გაიხსნება.

    თბილისის პროექტების დასრულების შემდეგ „ბლოკ ინვესტი" სასტუმროების განვითარებას რეგიონებშიც გეგმავს.

    „ბლოკ ინვესტი" საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს უძრავი ქონების ბაზარზე.

     

     

     


პარტნიორები