სიახლეები
-
17 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
"ნიბა დელისის" პროექტის განახლება ვერ ხერხდება
წლების წინ შეჩერებული „ნიბა დელისის" პროექტის განახლება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. „ნიბა ინვესტის" დამფუძნებელი ბაკურ კიღურაძე „კომერსანტთან" აცხადებს, რომ დაფინანსების საკითხი ფინალურ ეტაპზეა, თუმცა ზუსტად არ იციან, როდის იქნება გადაწყვეტილება მიღებული. მისი თქმით, იმედი აქვთ, რომ წლის ბოლომდე პროექტის განახლება მოხერხდება. ბაკურ კიღურაძე ამბობს, რომ დაფინანსებაზე მოლაპარაკება, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ისე ადგილობრივ საფინანსო ორგანიზაციებთან მიდის. მისივე თქმით, საერთაშორისო ინვესტორისგან თანხმობა უკვე აქვთ, თუმცა ადგილობრივ დამფინანსებელთან ჯერ პროცესი არ დასრულებულა.
როგორც ცნობილია, პროექტის განსახორციელებლად 24 მილიონი დოლარია საჭირო. თანხის გამოყოფაზე მოლაპარაკება თანაინვესტირების ფონდთან, საპარტნიორო ფონდთან და „საქართველოს ბანკთან" მიმდინარეობდა.
„ნიბა დელისის" პროექტი 35 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გათვლილი, ის ითვალისწინებს 4 მიწისქვეშა საპარკინგე და 5–სართულიანი სავაჭრო ზონის მოწყობას.
„ნიბა ინვესტმა" ნიბა დელისის პროექტის განხორციელება 2008 წლის თებერვალში დაიწყო. მშენებლობა მას შემდეგ შეჩერდა, რაც 2010 წელს კომპანიის ხელმძღვანელი ბაკურ კიღურაძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ბიზნესმენი პატიმრობიდან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაათავისუფლეს.