მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  აგვისტო  2016

    გზები ტროტუარების გარეშე – ბაკურიანში ინფრასტრუქტურის განახლება იწყება

    კურორტზე, რომელიც, ხელისუფლების გეგმების თანახმად, უახლოეს წლებში „ქართულ დავოსად“ უნდა იქცეს, ფეხით მოსიარულეებისთვის უსაფრთხოების ელემენტარული სტანდარტებიც კი არ არსებობს.

    „კომერსანტი“ უკვე რამდენიმე წელია, ყოველ საკურორტო სეზონზე, ეხმაურება ამ პრობლემას და ხელისუფლებისგან ითხოვს პასუხს კითხვაზე: როდის ექნება ბაკურიანს ტროტუარები, რათა დამსვენებელთა, მათ შორის ბავშვების გადაადგილება უსაფრთხო იყოს? ამ შეკითხვაზე მკაფიო პასუხი ამ დრომდე არ არსებობდა, დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ 2017 წლის ზაფხულიდან ეს პრობლემა პრაქტიკულად მოიხსნება.

    მანამდე კი დამსვენებლებს ძალიან რთულ პირობებში უწევთ გადაადგილება: მათი უმრავლესობა ბავშვიანია და იძულებულია, ეტლებით პირდაპირ საავტომობილო გზებზე იაროს. ზოგიერთ ადგილას ტროტუარი საერთოდ არ არსებობს, იქ კი, სადაც, თეორიულად, ტროტუარია, ავტომობილები ქაოტურადაა დაპარკინგებული, ტროტუარის ფილები ამოყრილია და ფეხით მოსიარულეების, განსაკუთრებით კი საბავშვო ეტლების გავლა უდიდეს სირთულეს წარმოადგენს.

    „კომერსანტი“ გთავაზობთ რამდენიმე დღის წინ, კურორტზე გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც ასახავს, რამდენად მოუწესრიგებელია ბაკურიანში ტროტუარები.

    ფოტომასალაზე კარგად ჩანს, რომ ამ პრობლემის გამო დამსვენებლები არა მხოლოდ დისკომფორტს განიცდიან, არამედ უდიდესი რისკის ფასად გადაადგილდებიან. საუბარია გზაზე, რომლის გავლაც დამსვენებელთა უმრავლესობას ყოველდღიურად უწევს.

    რატომ ვერ მოხერხდა წლების განმავლობაში ქვეყნის ერთერთ წამყვან კურორტზე ტროტუარების მოწყობა და გეგმავს თუ არა ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებას?

    გასულ წელს ბორჯომის გამგებლის მოადგილეს რევაზ კალაძეს „კომერსანტის“ ამ შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდა და აღიარებდა, რომ პრობლემა ვერც მომავალი სეზონისთვის მოგვარდებოდა, რადგან საკითხი „არაპრიორიტეტულია“ და ბაკურიანში იმაზე მეტი პრობლემა არსებობდა, ვიდრე საფეხმავლო ბილიკებია.

    „ამ ბილიკების გაკეთება ბაზალტის ქვით გვინდოდა, გვქონდა ხარჯთაღრიცხვაც, თუმცა, ამ დროისათვის პრიორიტეტად შეირჩა ის გზები, რომლებიც ბაკურიანში საავტომობილო მოძრაობას განტვირთავდა"-აცხადებდა მაშინ კალაძე.

    პრობლემის მოგვარების კონკრეტულ ვადებს ასახელებს დღეს ბაკურიანის გამგებელი გოჩა გობრონიძე, რომელიც ამბობს, რომ ბოლო წლებში პირველად, ბაკურიანის ტროტუარების მოწესრიგების პროცესი იწყება.

    როგორც გობრონიძე ირწმუნება, მიმდინარე ზაფხული და უახლოესი ზამთარი უკანასკნელი სეზონები იქნება, როდესაც დამსვენებლებს ასეთი დისკომფორტის ატანა მოუწევთ. მომავალი წლის ზაფხულიდან კი, მისივე თქმით, ტროტუარების პრობლემის ძირითადი ნაწილი მოხსნილი იქნება.

    „საკითხი უკვე დადებითადაა გადაწყვეტილი, ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარები მოპირკეთდება, ეს ეხება ცენტრალურ ქუჩებს. პროექტის ფარგლებში გაკეთდება წრიული ბილიკი. იქ, სადაც ტროტუარები არ არსებობს, გზა გაფართოვდება და ფეხით მოსიარულეებისთვის დამატებითი ბილიკი გაკეთდება, ხოლო სადაც ტროტუარები არსებობს, მოხდება მათი მოწესრიგება. ასევე მოეწყობა ავტოპარკინგები. უკვე დაგეგმილია პარკირებების მოწყობა ცენტრალურ და „ამირანის“ პარკებს შორის, სადაც დამსვენებელთა ყველაზე დიდი ნაკადი მოძრაობს. ასევე კეთდება გარე განათება. ეს საკითხი უკვე ჩადებულია ბიუჯეტში. შარშან პრემიერის თხოვნით თანხები უკვე ჩაირიცხა და წელს შედგა მსჯელობა, მივიღეთ პრემიერის თანხმობა და სამუშაოები 2016 წელს, ზაფხულის სეზონის დასრულებისთანავე, სექტემბერში დაიწყება. მათი დასრულება კი 2017 წლის ზაფხულისთვის იგეგმება. თუმცა ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნაწილი უკვე დაწყებულია – სასტუმრო „თბილისის“ ზემოთ, მთის ქუჩაზე კანალიზაციის მოწყობა და დაერთება დასრულებულია, ახლა კი გზების რეაბილიტაცია დაიწყება,“ – განუცხადა გობრონიძემ „კომერსანტს.“

    მისივე თქმით, მოპირკეთდება შიდა გზებიც – სულ 14 ქუჩა, სადაც ასფალტი დაიგება, აღმართებზე კი ბეტონის გზები გაკეთდება, სულ ამ სამუშაოებისთვის 3, 384 560 ლარია გამოყოფილი და მათ მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

    ბაკურიანის გამგებელი მომავალი სეზონისთვის დამსვენებელს კიდევ ერთ სიახლეს პირდება: მოხდება ბაკურიანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია. რაც გულისხმობს პარკის ტერიტორიაზე „ფაცხების“ და სკამების განთავსებას, წყლის შადრევნების დამონტაჟებას, ბილიკების მოწყობას, ასევე 40–მდე ვერცხლის ფიჭვის დარგვას.

    „კომერსანტი“ დაინტერესდა, თუ მოხდება ატრაქციონების განახლება, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს – მშობლებს ბავშვების გართობა მეორად, ამორტიზებულ საქანელებზე უწევთ, რომლებიც არა მხოლოდ ვიზუალურად ტოვებს მძიმე შთაბეჭდილებას, არამედ უსაფრთხოების ყველანაირ სტანდარტს არღვევს. თანაც, ატრაქციონებით სარგებლობა საკმაოდ ძვირი ღირს.

    გოჩა გობრონიძე ამბობს, რომ მომავალი წლიდან ეს ატრაქციონები უკვე ბაკურიანის წარსულს ჩაბარდება და ბავშვებს ახალი ატრაქციონები დახვდება, თანაც, მათი ტარიფი გაცილებით დაბალი იქნება დღეს არსებულ ფასებზე. პარკთან ავტოსადგომის მოწყობაც იგეგმება.

    აღნიშნული პროექტისთვის უკვე გამოყოფილია 1,2 მილიონი ლარი.

    შეგახსენებთ, რომ ბაკურიანთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ამბიციური გეგმები აქვს: იგეგმებაკურორტის რეგიონულ საკონფერენციო ცენტრად ჩამოყალიბება. ამ მიზნის მიღწევის ვადად 3 წელი სახელდება.

    რამდენიმე დღის საქართველოს პრემიერმინისტრი თავად იმყოფებოდა კურორტზე. სწორედ მაშინ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს ისეთივე რეგიონულ საკონფერენციო ცენტრად, როგორიც დავოსია შვეიცარიაში. პრემიერმინისტრი დარწმუნებულია, რომ კურორტს ამის ყველანაირი პოტენციალი გააჩნია.

     

     

     

     


პარტნიორები