მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 14  აგვისტო  2016

    პრემიერი: აუცილებლად აშენდება და გარემონტდება ბათუმიდან მაღალმთიან აჭარაში მიმავალი გზები

    პრემიერ-მინისტრმა აჭარის მოსახლეობას პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა და მმართველი გუნდის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
    როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აჭარას, როგორც ზღვისპირეთს, ისე მთიან რეგიონებს, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.

    "როდესაც აქ ვიმყოფები, მთელი ჩემი ბავშვობა თვალწინ მიდგას. მე ყოველ ზაფხულს ვატარებდი ბათუმში, ქობულეთში და აჭარის სხვა ულამაზეს ადგილებში. მაქვს უდიდესი სითბოს შეგრძნება, როდესაც აქ ვიმყოფები. არასოდეს მე არ მახსოვს ასეთი გადაჭედილი აჭარა და ეს უდიდესი დამსახურება, სიკეთე და დამატებითი შემოსავალია თითოეული აჭარელის ოჯახში. ეს ყურადღება გაგრძელდება. ჩვენ მთლიანად აჭარა, როგორც მაღალმთიანი, ისე ზღვისპირეთი უნდა ვაქციოთ 12-თვიან კურორტად, რომ წელიწადის ნებისმიერ დროს აჭარა სავსე იყოს ტურისტებით. ეს მიღწევადია, მეგობრებო, იმ პროგრამით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

    მთავრობის მეთაურის თქმით, აშენდება და გარემონტდება ბათუმიდან მაღალმთიან აჭარაში მიმავალი გზები.

    "უახლოეს მომავალში დაიწყება ხულო-ადიგენის გზის მშენებლობა. აუცილებლად აშენდება და გარემონტდება ბათუმიდან მაღალმთიან აჭარაში მიმავალი გზები, თანამედროვე, ევროპული სტანდარტით. აუცილებლად გაგრძელდება სამთო-სათხილამურო კურორტების მშენებლობა და რა თქმა უნდა, აუცილებლად გაგრძელდება ის კონცერტები, რომლებიც მრავლად იყო წელს. მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი იქნება. აუცილებელია ამ ტიპის აქტივობის წახალისება იმისათვის, რომ აჭარაში ყველა ოჯახში მივიდეს კეთილდღეობა”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

    პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ აჭარის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში - საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან: ფატი ხალვაში, ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე, მუხრან ვახტანგაძე, კობა ნაკაიძე, ილია ნაკაშიძე, ანზორ ბოლქვაძე.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე დაასახელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები: ბათუმის 68-ე ოლქში - ვახტანგ წულაძე; ბათუმის 69-ე ოლქში -ილია ვერძაძე; ბათუმის 70-ე ოლქში - ნუგზარ სურმანიძე; ქობულეთში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება გიორგი რომანაძე; ხელვაჩაურში - მერაბ კარანაძე; ხულოში, შუახევსა და ქედაში ,,ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს ბიზნესმენი ხვიჩა შარაშიძე 

     

     


პარტნიორები