სიახლეები
-
11 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
მშენებლობის პროცესში ენრგოეფექტურობის გათვალისწინება სავალდებულო გახდება
2019 წლიდან მშენებლობების პროცესში დეველოპერებს ენერგოეფექტრობის კომპონენტის გათვალისწინება მოუწევთ. ენერგოეფექტურობის შესახებ კანონზე ენერგეტიკის სამინისტრო მუშაობს, რასაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს. თემაზე “საქმიან დილასთან“ ”ენერგოეფექტურობის ცენტრი – საქართველოს” ხელმძღვანელი გიორგი აბულაშვილი საუბრობს.
- ბატონო გიორგი, როდიდან გახდება სახლების ენერგოუსაფრთხოების ნორმების დაცვით აშენება აუცილებელი?
- ენერგოეფექტურობა ფარდობითი ცნებაა იმისთვის, რომ განისაზღვროს რამდენად ენერგოეფექტურია ან არ არის სახლი. ასეთი მახასიათებლები კანონმდებლობის დონეზე დარეგულირებული ჩვენთან არაა და იმისათვის, რომ ეს მახასიათებლები შემუშავდეს რეკომენდაციებია შექმნილი და ხელისუფლებაში გადაგზავნილი, თუმცა ეს არ იყო ინიციატივა, რომელიც საექსპერტო ჯგუფში დაიბადა, არამედ ვალდებულებაა, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ გააჩინა და რომლის ერთ-ერთ პუნქტს შენობების ენერგოეფექტურობა წარმოადგენს.
- კანონმდებლობით რა დონეზე უნდა იყოს ეს სტანდარტები დარეგულირებული?
-ეს კლიმატური ზონების მიხედვით განისაზღვრება. მაგალითად საქართველოში ყაზბეგში ან ახალქალაქში აშენებული შენობის ენერგომოხმარება არ შეიძლება შედარდეს ბათუმში ან თბილისში აშენებული შენობის ენერგომოხმარებას, იმიტომ რომ გარემო კლიმატური პირობები განსხვავებულია.
- რა რესურსია ამისთვის საჭირო?
- სამშენებლო მასალების განსხვავებულობა არის ერთ-ერთი საშუალება ამ ეფექტის მიღების, თუმცა არა ერთადერთი. ერთი და იგივე მიზნის მიღწევა ნებისმიერი ტრადიციული სამშენებლო მასალით, კედლის სისქის რეგულირების საშუალებით შეიძლება. როდესაც ენერგოეფექტურობა სავალდებულო იქნება პროექტირების ეტაპზე არქიტექტორმა უნდა გაითვალისწინოს ნორმები. ამისათვის ზუსტად შემუშავებულია ის რეკომენდაციები, რომელიც სავარაუდოდ 2019 წელს უკვე ძალაში შევა და ჩვენს სამშენებლო კომპანიებს დრო აქვთ და საშუალება მიეცემათ, რომ ამაზე გადაეწყონ. გარდამავალი დებულებების ნაწილში სამშენებლო კომპანიებისთვის დრო განსაზღვრული იქნება, თუმცა უკვე არსებული ტექნიკით და ტექნოლოგიებით შესაძლებელია შენობებში ენერგოეფექტურობის მიღწევა, მაგრამ ეს დასათვლელია.
- დღეს იყენებენ კომპანიები ამ პრინციპს?
- ქალაქის ძველ, ისტორიულ ნაწილში აშენებული შენობების უმრავლესობა შეიძლება ენერგოეფექტურობის მატარებლად ჩაითვალოს. რაც შეეხება თანამედროვე შენობებს და იმ მარკეტინგულ ინსტრუმენტს, რომელსაც კომპანიები თავიანთი შენობების გასაყიდად იყენებენ, მათი ნაწილი შეიძლება ენერგოეფექტური იყოს, ნაწილი - არა. სამწუხაროდ, საქართველოში ამის დადგენის პროცედურები არ არსებობს.
- ხომ შეიძლება სამშენებლო კომპანია მომხმარებელს ატყუებდეს?
- იმედი მაქვს, რომ ასე არ ხდება, თუმცა ეს შესაძლებელია. ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2019 წლიდან კანონი წალაში უნდა შევიდეს.
დღეს საქართველოში მშენებლობის პოლიტიკას ეკონომიკის სამინისტრო განსაზღვრავს, დიდი ალბათობით ეს ეკონომიკის სამინისტროს ქვეუწყება იქნება. სისტემის ოპტიმიზაცია შეიძლება ისე, რომ დამატებითი ადმინისტრაციული რესურსი არ იყოს მოთხოვნილი, იმიტომ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს სპეციალური ინსპექციები და შეიძლება მათ დაემატოთ შემოწმების ფუნქცია.
- ენერგოეფექტურობის სტანდარტებზე გადასვლით სამშენებლო კომპანიებს უძრავ ქონებაზე ფასის გაზრდას ხომ არ მოუწევთ?
- შენობების გაძვირება დამოკიდებულია იმაზე, თუ მასში რა ეტაპზე ხდება ენერგოეფექტური ღონისძიებების გათვალისწინება. თუ დიზაინის პროექტირების ეტაპზე მოხდა ამის გათვალისწინება, თვითღირებულების გაძვირება შეიძლება დაახლოებით 5%-ით მოხდეს, რამაც გასაყიდ ფასზე შესაძლოა გავლენა საერთოდ არ მოახდინოს, მაგრამ უკვე მშენებლობის პროცესში ან უარეს შემთხვევაში, უკვე აშენებულ შენობაზე თუ მოხდა ამის გათვალისწინება, მაშინ ეს ფასს მნიშვნელოვნად გაზრდის.
- სამშენებლო სექტორი როგორ არის განწყობილი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით?
- მათი ბიზნესის გაზრდისთვის ეს კარგი სტიმულაციაა, იმიტომ რომ ნორმები, რომელსაც სახელმწიფო მიიღებს მინიმალური ნორმები იქნება და ამ მინიმალური ნორმების ზემოთ სხვადასხვა კომპანიებს უფრო უკეთესი პროდუქციის შეთავაზების საშუალება ექნებათ. რასაკვირველია, სამშენებლო კომპანიებისთვის ეს დამატებითი ტვირთი იქნება. ენერგორესურსების მნიშვნელოვანი დაზოგვა მოხდება, რომელიც შეიძლება თვითმიზანი არ იყოს, მაგრამ ბოლო პერიოდში გახმაურებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების საკითხი ყველას ახსოვს, რომლის ერთ-ერთი განმაპირობებელი ზუსტად შენობებში მოხმარებული გადაჭარბებული ენერგიის რაოდენობაა. მაგალითისთვის, ინდიკატორი რომ მოვიყვანოთ, საცხოვრებელ შენობებში საშუალოდ ენერგიის მოხმარება ევროპაში წელიწადში დაახლოებით 90 კილოვატი საათია კვადრატულ მეტრზე, ჩვენთან კი ეს 250 კილოვატსაათია. გაცილებით დაბალ კომფორტში ვცხოვრობთ და გაცილებით მეტ ენერგიას მოვიხმართ.