სიახლეები
-
09 აგვისტო 2016
თქვენი რეკლამა
2016 წლის პირველ ნახევარში თბილისში 2481 მშენებლობის ნებართვა გაიცა
2016 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 1334 ახალი შენობა აშენდა, მათგან 416 კი თბილისში მდებარეობს. საქსტატის მონაცემებით, ახალი ობიექტების რაოდენობაში 2016 წელს პირველ ადგილს საცხოვრებელი შენობები იკავებს. მათი რაოდენობა 1334-დან 708-ს შეადგენს. 201-ია სავაჭრო ობიექტების, 85 სამრეწველო და სასაწყობო შენობათა რაოდენობა. ასევე დეკლარირებული მონაცემებით, ქვეყანას 40 ახალი კვების ობიექტი და 34 ადმინისტრაციული შენობა შეემატა.
რაც შეეხება თბილისს, 6 თვეში 416 ახალი დასრულებული ობიექტიდან, 338 საცხოვრებელი სახლია. იგივე ტენდენციაა სხვა რეგიონებშიც. მაგალითად აჭარაში 71-დან 34, მცხეთა მთიანეთში 72-დან 48, ხოლო ქვემო ქართლში 207-დან 121 საცხოვრებელი ობიექტია.
თუ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს გადავხედავთ ვნახავთ, რომ 2015 წლის პირველ 6 თვეში სულ 1080 ახალი ობიექტის მშენებლობა დასრულდა, მათგან 486 კი საცხოვრებელი სახლი იყო. თბილისში გახსნილი 282 ახალი ობიექტიდან 204 ასევე საცხოვრებელი შენობა იყო.
რაც შეეხება მშენებლობაზე გაცემულ ნებართვებს, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სულ 5195 ახალი მშენებლობის ნებართვა გაიცა. მათგან 2481 თბილისში. თუ გაცემულ ნებართვებს ჩაშლილად განვიხილავთ, ვნახავთ, რომ დედაქალაქში 2481-დან 1859 კვლავ საცხოვრებელ სახლებზე მოდის. ასევე გაცემული ნებართვების მიხედვით თბილისში 101 სასაწყობო შენობის, 98 სავაჭრო ობიექტის, 60 ადმინისტრაციული შენობისა და 47 სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.
აღნიშნული ნებართვების რაოდენობა 2015 წლის იანვარ-ივნისში 4649 იყო, ანუ წლევანდელთან შედარებით 546-ით ნაკლები. 4649-დან მშენებლობის ნებართვა 3038-მა საცხოვრებელმა სახლმა, 483 სავაჭრო ობიექტმა, 236 სამრეწველო და სასაწყობო შენობამ და 120-მა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტმა მიიღო. 4649-დან დედაქალაქში გაცემული ნებართვების რაოდენობა 2266 იყო, მათგან 1764 საცხოვრებელ ობიექტებზე გაიცა.ავტორი: თათია ჩაფიჩაძე