მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 09  აგვისტო  2016

    საბაგიროთი დაკავშირებული ზღვა და მთა - მთავრობა კურორტ გომისმთის განვითარებას იწყებს

    საქართველოს კიდევ ერთი 4 - სეზონიანი კურორტის, გომისმთის განვითარება იწყება.
    გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე „კომერსანტთან" აცხადებს,რომ კურორტის განვითარება მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში ჯდება, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

    გუბერნატორის თქმით, მიმდინარეობს კურორტის ტურისტული პოტენციალის შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგაც მისი განვითარება დაიწყება. როგორც გუბერნატორი აცხადებს, კურორტის სრულად განვითარებას რამდენიმე წელი დასჭირდება.

    სალუქვაძის თქმით, სამწუხაროდ, კურორტის პოტენციალი წლების განმავლობაში აუთვისებელი იყო, არ იყო გზა და კომუნიკაციები. მისი განცხადებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში მხარის ადმინისტრაციამ გზა გავლადი გახადა. როგორც სალუქვაძე ამბობს, ამ დროისთვის კურორტზე წყალგაყვანილობის და ელექტროენერგიის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

    გურიის გუბერნატორის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშოები წლის ბოლომდე დასრულდება, რომლის შემდეგაც უკვე შესაძლებელი იქნება კურორტის ინვესტორებისთვის შეთავაზება.

    სალუქვაძის თქმით, ადგილზე შესაძლებელია საბაგიროს მშენებლობა, რომელიც კურორტს ზღვისპირეთთან დააკავშირებს. „წარმოიდგინეთ, როდესაც ადამიანი სექტემბრის თვეში ზღვაში ბანაობს და ამავდროულად, შეუძლია საბაგიროთი ავიდეს და თოვლზე ისრიალოს. ეს უნიკალური კურორტია"- აცხადებს სალუქვაძე.

    მხარის გუბერნატორი ამბობს, რომ კურორტს ამჟამად ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც ჰყავს დამსვენებელი.

    შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში ახალი კურორტების განვითარების აუცილებლობაზე მიმდინარე წლის მარტში ისაუბრა. მისი განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს 4-სეზონიანი კურორტების განვითარებაზე - იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც მთის კურორტებზე, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, მუშავდება ახალი ტურისტული პროდუქტები.

    რაც შეეხება კურორტ გომისმთას, მთის კურორტი გურია-აჭარის ქედის შემადგენლობაში შედის და ოზურგეთის რაიონში, სოფელ შემოქმედის გზაზე მდებარეობს. კურორტის უნიკალური პირობები დღესაც აუთვისებელია. დღეს გომისმთა წარმოადგენს საკურორტო ადგილს, რომელსაც გააჩნია მინერალური წყლები, ტყე, სამკურნალო კლიმატი და სხვა ბუნებრივი რესურსები, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მკურნალობის, პროფილაკტიკისა და რეაბილიტაციის მიზნი, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების პირობებში დააკმაყოფილებს ტურისტის მოთხოვნებს.

    როგორც ცნობილია, მთავრობა სხვა კურორტების რეაბილიტაციასა და განვითარებას გეგმავს. მათ შორისაა ლებარდე და ბახმარო. არსებული ინფორმაციით, ამ კურორტებით უკვე დაინტერესდნენ უცხოელი ინვესტორები.

     

     


პარტნიორები