სიახლეები
-
საქართველოში ვეტერანებისთვის 25 მილიონ ევროდ ჰოსპიტალს ააშენებენ
ვეტერანთა სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა პირობა დადო, რომ რეგიონში საუკეთესო სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება.
თბილისში ვეტერანებისთვის ახალ სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრს ააშენებენ, განაცხადა ვეტერანთა სამსახურის უფროსმა ირაკლი შიხიაშვილმა.
აპრილში ვეტერანთა სამსახური და ესპანური კომპანია Technova გააფორმებს მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რის შემდეგაც ვეტერანებისთვის ახალი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა დაიწყება.
ესპანელები პროექტისთვის 25 მლნ ევროს გამოყოფენ.
„მინდა ვუთხრა თითოეულ ვეტერანს, რომ ჩვენ გვექნება ყველაზე კარგი სამკურნალო-სარებილიტაციო ცენტრი რეგიონში…“, — განაცხადა შიხიაშვილმა პრესკონფერენციაზე.
ის ყბადაღებული თემა, თითქოს ვეტერანები არავის არ აწუხებს და მათზე არავინ ზრუნავს, დასრულდება. ჩემთვის ყველა ვეტერანი ძვირფასია, თითოეულ მათგანზე თანაბრად გავრცელდება ყველა ის სიკეთე, რასაც სახელმწიფო შესთავაზებს მათ. თუ ვინმეს აინტერესებს როგორ ვზრუნავთ ვეტერანებზე, მობრძანდეს ჩვენთან, ჩვენი კარი ყოველთვის ღიააა", — განაცხადა შიხიაშვილმა.
იანვარში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამინისტრომ თბილისის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დაფინანსება შეწყვიტა. კლინიკა ვეტერანების უფასო სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფდა.
ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ვეტერანები საყოველთაო დაზღვევით არიან უზრუნველყოფილნი, ამიტომ ჰოსპიტლის არსებობა აუცილებელი აღარ არის. ამ გადაწყვეტილებამ ვეტერანთა შორის უკმაყოფილება გამოიწვია.
„გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდათ სურვილი წარმოეჩინათ ისე, თითქოს სახელმწიფო არ ზრუნავს ვეტერანებზე, მათ ჯანდაცვაზე, არ ზრუნავს იმაზე, რომ ვეტერანებს ჰქონდეთ სპეციალიზირებული ჰოსპიტალი… ესპანურ კომპანიასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ორ თვეზე მეტია. შევჯერდით იმაზე, რომ ესპანური მხარე საქართველოში ვეტერანების სამკურნალო- სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას გეგმავს", — განაცხადა შიხიაშვილმა.
Sputnik საქართველო




