მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 22  მარტი  2016

    რა ელოდება თბილისის „ხრუშოვკებს“ – მერიაში პასუხი ამ დრომდე არ აქვთ

    რამდენიმე წლის წინ „ხრუშჩოვკებთან" დაკავშირებული საკითხი აქტუალური გახდა, მუშავდებოდა კიდეც პროექტი, რომელიც "ხრუშჩოვკების" დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებდა.

    დღეს მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემა მართლაც არსებობს და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. „მერია ამაზე მუშაობს, თუმცა, რაიმე კონკრეტულის თქმა არ შეგვიძლია"-აცხადებენ მერიაში.

    მათივე ინფორმაციით, რამდენიმე ხნის წინ სამგორის რაიონის გამგებელს პრობლემის მოგვარების თავისებური ხედვა და იდეა ჰქონდა. რაში მდგომარეობს იდეა, ამას მერიაში ვერ აკონკრეტებენ. რაც შეეხება თავად სამგორის რაიონის გამგებელ მამუკა ჩოქურს, „კომერსანტმა" მასთან დაკავშირება და ამ თემაზე გასაუბრება ვერ შეძლო.

    შეგახსენებთ, თბილისში „ხრუშჩოვკების" თანამედროვე კორსპუსებით ჩანაცვლების შესახებ კონცეფციაზე მუშაობა 2014 წელს მიმდინარეობდა. თბილისის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა მაშინ რამდენიმე კომპანიასთან მემორანდუმიც გააფორმა. თუმცა, მას შემდეგ რეალური არაფერი მომხდარა.

    თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კი 2015 წელს განაცხადა, რომ ხრუშოვკებისა და ავარიული სახლების მიმართულებით მუშაობა მიდიოდა. მისი თქმით, მომზადებული იყო უბნების მიხედვით რამდენიმე პროექტი და შეთავაზებული იყო ბიზნესისთვის.

    "ჩვენ ვავითარებთ ამ პროექტს ინდივიდუალურად უბნების მიხედვით, სადაც მოთხოვნა არსებობს კერძო სექტორის მხრიდან. ეს ეხება არა მხოლოდ "ხრუშჩოვკების" პროექტს, არამედ ძველი ნგრევის პირას მყოფი სახლების პროექტებს, სადაც გაზრდილი კოეფიციენტი მიეცემა ჩვენი მხრიდან მშენებელ კომპანიებს და ისინი ავითარებენ ამ პროექტებს. რამდენიმე ასეთი წინადადება ჩვენთან იყო შემოსული, განვიხილეთ და მწვანე შუქი მივეცით, რამდენიმე მათგანი ახლაც მოლაპარაკებისა და განხილვის სტადიაზეა. ასე რომ, ინდივიდუალურ რეჟიმში ვუდგებით უბნების მიხედვით ამ პრობლემას", - აცხადებდა ნარმანია.

    დღეს მერიაში აღნიშნულ საკითხზე სიახლეების შესახებ არ საუბრობენ.

    როგორც ცნობილია, თბილისში 700-მდე შენობაა, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა ამოეწურათ. მინიმალური ფართი და დაბალი ჭერი ეგრეთ წოდებული „ხრუშჩოვკების" მთავარი ნაკლოვანებებია. 60-იან წლებში აშენებული შენობების საექსპლოატაციო ვადა 50 წელი იყო და ეს ვადა უკვე გასულია. ცნობისთვის: დაბალბიუჯეტიანი „ხრუშჩოვკების" აშენება საბჭოთა პერიოდში ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის დროს დაიწყო.

     

    ავტორ(ებ)ი : სოფო ქსოვრელი
    commersant.ge


პარტნიორები