მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  აგვისტო  2016

    რა ბედი ელის რიყეზე თეატრის უჩვეულო შენობას?

    რიყეზე მშენებარე მუსიკისა და დრამის თეატრის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია.
    მშენებლობა 2011 წელს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო და 75 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია. 2013 წელს "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ პროექტის დაფინანსება შეწყვიტა, ამ დროისთვის კი შენობა მიტოვებული და დანაგვიანებულია.

    როგორც "მთელ კვირას" მერიაში განუცხადეს, დასრულდება თეატრის მშენებლობა თუ მისი დემონტაჟი მოხდება, ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, რადგან ამისთვის დიდი თანხებია საჭირო.

    "მშენებლობის დასრულება უზარმაზარ თანხებთან, მილიონებთან არის დაკავშირებული. ამას ემატება ისიც, რომ მშენებლობის პროცესში ძალიან ბევრი შეცდომაა დაშვებული. რაც შეეხება დემონტაჟს, ამასაც კოლოსალური თანხები სჭირდება. ამიტომ ამ შენობასთან დაკავშირებით რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, ახლაც მიმდინარეობს მუშაობა. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია," - აცხადებენ მერიაში, სადაც არ აქვთ პასუხი კითხვებზე, შენობის დასრულებისთვის (ან დემონტაჟისთვის) კონკრეტულად რა თანხაა საჭირო, რა ხარვეზებზეა საუბარი და რა ვადაში გადაწყდება შენობის ბედი.

    საკრებულოს დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მამუკა ახვლედიანი, რომელიც თეატრის მშენებლობის დროს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო, "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ "კოლოსალური თანხები" არც შენობის დასრულებას უნდა და არც დემონტაჟს.

    "თეატრის დასრულებას რა თანხა უნდა, ამის თქმა ზუტად გამიჭირდება, მაგრამ კოლოსალურ თანხებთან ნამდვილად არ არის დაკავშირებული.

    შენობის კარკასული ნაწილი, ასევე გარე ფასადი მთლიანად დასრულებულია და კომუნიკაციები ბოლომდეა მიყვანილი. თეატარი ორი ნაწილისგან შედგება, რომელთაგან ერთში რამდენიმე წლის წინ ღონისძიებაც გაიმართა. სამწუხაროდ, მერია მხოლოდ საუბრობს და ვერაფერს აკეთებს. ელემენტარულად გზას ვერ აგებენ და ამ არქიტექტურულად რთული კონსტრუქციის დასრულება ალბათ მათვის გადაუწყვეტელი საკითხია, რასაც ვერაფრით აგვარებენ. რაც შეეხება იმას, რიყეზე მსგავსი შენობის არსებობა ვის მოსწონს და ვის არა, ეს სხვა საკითხია, გემოვნებაზე არ დავობენ," - აცხადებს მამუკა ახვლედიანი.

    მისი თქმით, თეატრის მშენებლობის პროცესში არანაირი შეცდომა არ დაშვებულა და ის აშენდა ზუსტად იმ პროექტის მიხედვით, რაც იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუქსასმა შექმნა.

    "რაც შეეხება იმას, რომ თურმე თეატრი დარვევით არის აშენებული, ეს არის დიდი ტყუილი და ვინც ამას ამბობს, არის სრულიად უპასუხისმგებლო ადამიანი. არანაირი დარღვევა არ ყოფილა, ზუსტად იმ პროექტით არის აშენებული რა პროექტიც არსებობდა. უბრალოდ, ამ შენობას საბოლოოდ დასრულება სჭირდება.

    "თუ ვერ ასრულებენ,

    კი არ უნდა აკრიტიკონ და მხოლოდ ილაპარაკონ, არამედ ელემენტარული კონსერვაცია მაინც მოახდინონ, რომ ახლოს მისვლა ვინმესთვის საფრთხის შემცველი არ იყოს. იქ შუშებია, დასასუფთავებელია და ეს მაინც უნდა მოაგვარონ," - ამბობს მამუკა ახვლედიანი, რომელიც აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობის" გაკეთებული რამდენიმე პროექტი არ მოსწონდა, რისი გადატანითაც იმუქრებოდა, თუმცა დეპუტატის თქმით, ესეც ვერ მოახერხეს.

    მოგვიანებით მშენებლობას დაფინანსება იმ მოტივით შეუწყდა, რომ საქმეში ექსპერტები ჩაერთვებოდნენ და უსაფრთხოების საკითხებს შეისწავლიდნენ, თუმცა ამ დრომდე არც ექსპერტების დასკვნაა ცნობილი და არც კონკრეტული გადაწყვეტილება. 

     

    გაზეთი რეზონანსი


პარტნიორები