სიახლეები
-
მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი სრულად ამოქმედდა
1 აგვისტოდან მიწის გამარტივებული წესით რეგისტრაციის კანონი ამოქმედდა.
დღეისთვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების 25%-მდეა რეგისტრირებული.
ცვლილებების შედეგად ამზომველების საქმიანობა სერტიფიცირებას დაექვემდებარება და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება აზომვითი ნახაზის ერთიანი სტანდარტი. საამზომველო საქმიანობისათვის დადგინდება მომსახურების საფასური (ნიხრები). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს შეეძლება, ადგილზე გადაამოწმოს სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო ნახაზზე დატანილი მონაცემების სისწორე.
სერტიფიცირებულ ამზომველთა ქსელი სამ თვეში შეიქმნება, ხოლო სერტიფიცირება შეეხება იმ ამზომველებს, ვინც პროექტში მიიღებს მონაწილეობას.
საჯარო რეესტრი რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილე გახდება. დოკუმენტების, მათ შორის, საარქივო დოკუმენტაციის, მოძიებაში მოქალაქეს საჯარო რეესტრი დაეხმარება. იზრდება იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალიც, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მიწის რეგისტრაცია.
ცვლილებების თანახმად, ქონების რეგისტრაციაზე უარის მიზეზი მხოლოდ დოკუმენტებში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობა გახდება. უმნიშვნელო ხარვეზი − მფლობელის სახელის, გვარის შეუსაბამობა-უზუსტობა ასოებში; არასწორი დაწერილობა და სხვა − ვეღარ შეუშლის ხელს მიწის რეგისტრაციას, თუკი პიროვნების სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მაგალითად, პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და ა. შ.) ერთმანეთს შეესაბამება. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებისათვის.




