სიახლეები
-
29 ივლისი 2016
თქვენი რეკლამა
მიწის რეგისტრაცია - ახალი წესის პლუსები და მინუსები
მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პირველი აგვისტოდან ამოქმედდება, მოსახლეობას მიწის რეგისტრაციის პროცესს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს და ეს პროცესი მათთვის, წინა წლემთან შედარებით, გაცილებით ხელმისაწვდომი იქნება, - ასე ახასიათებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ცვლილებებს მიწის რეგისტრაციის კანონში. მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა, მიუთითებენ გარკვეულ ხარვეზებზე, რომლებმაც შეიძლება მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი შეაფერხოს.
მიწის რეგისტრაციის კანონში ცვლილებების მიხედვით, იმისათვის, რომ მოქალაქემ შეძლოს მიწის ნაკვეთის მარტივად დარეგისტრირება, სახელმწიფო მოქალაქეებს გაუადვილებს საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებას, შემუშავდება საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი, დავის წარმოქმნის შემთხვევაში კი სახელმწიფო მესაკუთრეებს ამ დავების მოგვარებაში მედიატორების მეშვეობით დაეხმარება. ასე ხსნის კანონში ცვლილებებს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც ცვლილებების ინიციატორია. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ცვლილებების აუილებლობა 28 ივლისის მთავრობის სხდომაზე განმარტა: „ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოქალაქეებმა უფასოდ ისარგებლონ სერვისებით, იქნება ეს მედიაცია, ცნობების მოპოვება თუ სხვა სანოტარო მომსახურება. ასევე, ნაბიჯ-ნაბიჯ და საბოლოოდ მოგვარდება ჩვენს ქვეყანაში ის პრობლემა, რასაც ჰქვია უზუსტო საამზომველო ნახაზი, რაც გლეხს უქმნიდა ძალიან ბევრ პრობლემას".
როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, „სახელმწიფო პროექტის" შემუშავება და შესაბამისი კანონის მომზადება მიწის რეგისტრაციის კუთხით აქამდე არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია. გარდა მთელი რიგი ბიუროკრატიული დეტალებისა, მოქალაქეს მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია რამდენიმე ასეული ლარი უჯდებოდა. შედეგად, დღეისათვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25 %-ია რეგისტრირებული. ამასვე ადასტურებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" მთავარი იურისტი თეონა ზაქარაშვილი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული საქართველოში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისათვის სამი რეფორმა განხორციელდა, ეს საკითხი დღემდე მოუწესრიგებელია და საქართველოში არსებული 70-80 % მიწებისა დაურეგისტრირებელია. ჯერი რიგით მეოთხე რეფორმაზეა, რომელსაც თეონა ზაქარაშვილი, ერთი მხრივ, დადებითად აფასებს და ამბობს, რომ, ცვლილებების მიხედვით, მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას ბევრი საშეღავათო პირობებით ისარგებლონ:
„პირველ რიგში, ეს არის გარკვეული სახის დოკუმენტების ლეგალიზება. ანუ სახელმწიფო ხარვეზიან დოკუმენტებს მიანიჭებს იურიდიულ ძალას. თუკი, მაგალითად, თქვენ გქონდათ ხარვეზიანი დოკუმენტი და აქამდე საჯარო რეესტრი ამის გამო უარს გეუბნებოდათ დოკუმენტის რეგისტრაციაზე, ახალი კანონის მიხედვით, საჯარო რეესტრი დაგირეგისტრირებთ მიწას. იყო შემთხვევები, როდესაც დოკუმენტში სახელი და გვარი იყო არასწორად დაწერილი, აკლდა ხელმოწერა, არ ჰქონდა ბეჭედი და ა. შ. ამჯერად ასეთი პრობლემები აღარ იქნება რეგისტრაციის ბარიერი. გარდა ამისა, ცნობების მოძიება არქივიდან და ა.შ., ანუ რაც იქნება საჭირო რეგისტრაციისთვის, ამას თავად საჯარო რეესტრი მოაწესრიგებს და, რაც მთავარია, უსასყიდლოდ".
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ, თეონა ზაქარაშვილის თქმით, კანონში დადებითი ხასიათის ცვლილებები შედის, ის მაინც თვლის, რომ რიგით მეოთხე რეფორმა, წინა სამი რეფორმის მსგავსად, ხარვეზიანია. მისი თქმით, სწორედ ამის გამოა, რომ დღეს არსებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიწის ნაკვეთის ყოველი მეოთხე რეგისტრაცია იყო პრობლემური და ამიტომ ან უქმდებოდა, ან საჩივრდებოდა სასამართლოში. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში საჯარო რეესტრს 56 ათასამდე სარეგისტრაციო საქმის შეჩერება მოუხდა, პრობლემის მიზეზად კი იქცა მიწის ნაკვეთების სასაზღვრო მიჯნების ზედდება და გადაფარვა. თეონა ზაქარაშვილის თქმით, ახალი რეფორმა მიწის ნაკვეთების ზედდებისა და გადაფარვის პრობლემას ვერ აღმოფხვრის და ამის მიზეზად „საერთაშიროს გამჭვირვალობის" იურისტი ასახელებს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ე. წ. სპორადულ, ანუ ერთეული რეგისტრაციის, მეთოდს:
„ანუ არეგისტრირებთ კონკრეტულ მიწას და ამ რეგისტრაციისას აღმოჩნდება, რომ თქვენი ნაკვეთის რაღაც მონაკვეთი უკვე მეზობელ ნაკვეთთან არის დარეგისტრირებული, ან, პირიქით, მაგალითად, თქვენი და თქვენი მეზობლის ნაკვეთს შორის არის გარკვეული ზედდება. ეს პრობლემები, სამწუხაროდ, ისევ დარჩება. და თუ აქამდე გვაქვს 50 ათასზე მეტი გასაჩივრებული რეგისტრაცია, რა თქმა უნდა, რეგისტრაციის რიცხვის მატებასთან ერთად ასეთი პრობლემური რეგისტრაციების რაოდენობაც გაიზრდება".
თეონა ზაქარაშვილი მიწის ნაკვეთების პრობლემური რეგისტრაციების რიცხვის შემცირებას რეგისტრაციის მეთოდის შეცვლაში ხედავს. ანუ, მისი თქმით, საჭიროა ერთეული რეგისტრაცია სისტემურმა რეგისტრაციამ ჩაანაცვლოს:
„კარგი იქნებოდა, სახელმწიფოს აერჩია სისტემური რეგისტრაცია და თავად, პროაქტიულად, ნაკვეთ-ნაკვეთ მოახდენდა რეგისტრაციას, მივიდოდა ყველა მოქალაქესთან, მივიდოდა ყველა სავარაუდო მესაკუთრესთან, დაადგენდა მათ საკუთრების უფლებას და შემდგომ დაეხმარებოდა მათ ამ მიწების რეგისტრაციაში".
ვახტანგ ბოხაშვილი, საჯარო რეესტრის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსი, ამბობს, რომ მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია განხორციელდება გამოკვლევების შედეგად. მისი თქმით, თითოეული რეგისტრაციისას მოძიებული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც რეგისტრაციას წარმატებით დაასრულებს:
„შემოდის აზომვის ახალი სტანდარტი, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა შემთხვევაში ამზომველი უნდა გავიდეს ადგილზე, შეისწავლოს სიტუაცია. ამ მაღალი სტანდარტით შესრულებული აზომვითი სტანდარტი ამცირებს არასწორი რეგისტრაციის რისკებს. თუკი საჯარო რეესტრისთვის მაინც საეჭვო იქნება ნაკვეთის ადგილმდებარეობა, პროცესში შესაძლებელია ჩართული იყოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელიც. ადგილზე მოხდება მიწის ნაკვეთის შედარება მეზობელ ნაკვეთებთან, გამოიკითხებიან მეზობლები, შედგება ოქმები და ა. შ.".
ვახტანგ ბოხაშვილის თქმით, თუკი მოქალაქეებს შორის მაინც წარმოიქმნება გარკვეული დავა მიწის ნაკვეთის საზღვრებთან დაკავშირებით, პროცესში, ახალი კანონის შესაბამისად, ჩაერთვება მედიაციის სამსახური, ნოტარიუსი, რომელიც სამი კვირის ვადაში შეეცდება მოქალაქეებს საკუთრებაზე წარმოქმნილი დავების მოგვარებაში სასამართლოს გარეშე დაეხმაროს.
„რადიო თავისუფლება“