მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 28  ივლისი  2016

    ხელისუფლება მიწის რეგისტრაციის გამარტივების შედეგად სოფლად მოსახლეობის „დამაგრებას“ ელოდება

    მიწის რეგისტრაციის გამარტივების შედეგად მოსახლეობა მათ მფლობელობაში არსებული მიწის კაპიტალიზაციას შეძლებს, რაც სოფლად მოსახლეობის დამაგრებას შეუწყობს ხელს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

    მისი თქმით, მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი მოქმედებას სრულად პირველი აგვისტოდან იწყებს.

    „ვფიქრობ, რომ ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მოსახლეობისთვის. დღეს არის 25% მხოლოდ მიწის მასის დარეგისტრირებული, რაც არის დიდი პრობლემა, იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობა ვერ ახდენს მათ მფლობელობაში არსებული მიწის კაპიტალიზაციას, გამოყენებას ეკონომიკური საქმიანობისთვის სრულად. მეორე, იმიტომ, რომ კერძო სექტორისთვის, ზოგადად, ეს არის დიდი პრობლემა და ვფიქრობ, რომ კარგია, რომ რეგისტრაციის სისტემა მნიშვნელოვნად მარტივდება. სახელმწიფო ეხმარება მოსახლეობას რეგისტრაციის პროცესში, მათ შორის ფინანსური ინსტრუმენტებითაც, ვფიქრობ, ამ პროგრამის დასრულების შემდეგ გვექნება გაცილებით ჯანსაღი და სრული სურათი ამ მიმართულებით. ეს ხელს შეუწყობს, ერთ მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარებას. მეორე მხრივ, მიწის ბაზრის მოწესრიგებას. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ეს არის სოციალური საკითხიც, ვინაიდან ჩვენი მოსახლეობის 50%-ზე მეტი ჯერ კიდევ ჩართულია სოფლის მეურნეობაში და ვფიქრობთ, სოფლად მოსახლეობის დამაგრებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი“,- აღნიშნა პრემიერმა და მიმართა იუსტიციის მინისტრს, შექმნას მექანიზმები, რომლის მეშვეობითაც გამორიცხული იქნება ყველანაირი რისკები და ამ კანონის ბოროტად გამოყენება.

    თავის მხრივ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ამ პროექტით ერთი წლის განმავლობაში ყველამ უნდა ისარგებლოს და დაირეგისტრიროს მიწა, რომელსაც აქამდე ბევრი ბარიერის გამო ვერ ირეგისტრირებდა.

    „მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ ამ კანონით იქნა ნათქვამი, რომ ეს პროექტი ჩვენი მოქალაქეებისთვის გრძელდება 1 წლის განმავლობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოქალაქეებმა უფასოდ ისარგებლონ ამ სერვისით. იქნება ეს მედიაცია, ცნობების მოპოვება, თუ სხვა სანოტარო მომსახურება. კანონით და იმ აქტების ძალით, რასაც დღეს დავამტკიცებთ, იქნება სრულიად უფასო. ასევე მოგვარდება ნაბიჯ ნაბიჯ ის პრობლემა, რასაც ჰქვია უზუსტო საამზომელო ნახაზი, რაც გლეხს უქმნიდა ძალიან ბევრ პრობლემას და უნდა ითქვას, რომ 1 წლის განმავლობაში ყველამ უნდა ისარგებლოს და დაირეგისტრიროს ის მიწა, რომელსაც აქამდე ბევრი ბარიერის გამო ვერ ირეგისტრირებდა“,- განაცხადა წულუკიანმა.


პარტნიორები