მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 26  ივლისი  2016

    ბათუმის ”რედისონის” მფლობელ კომპანიას 18 საინვესტიციო პროექტი ჩამოართვეს

    აჭარაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საინვესტიციო კომპანიას „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს 18 ობიექტი ჩამოერთვა და სახელმწიფოს დაუბრუნდა. ამასთან „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ კომპანიას სხვა 12 ობიექტზე განახლებული ვალდებულებებით ახალი კონტრაქტები გაუფორმდა. ობიექტების ჩამორთმევის მიზეზი კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა, რომელიც მას 2006 წლიდან ჰქონდა. 30 ობიექტიდან კომპანიამ მხოლოდ ერთი - ბათუმის „რედისონის“- მშენებლობა განახორციელა და მასში 50 მილიონი დოლარი ჩადო.

    შენარჩუნებულ 12 ობიექტზე 2025 წლის 31 დეკემბრამდე ყაზახურმა კომპანიამ 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

    როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, 30-ვე ობიექტი დატვირთული იყო საბანკო იპოთეკით, 2014 წელს ეს საბანკო იპოთეკა გაუქმდა და ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები.

    შედეგად, „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვიმ“ სასტუმრო „მესხეთის“ ტერიტორიაზე ობიექტი 2020 წლის ბოლოს უნდა დაასრულოს. კომპანიამ ინვესტიციის სახით უნდა ჩადოს 11,5 მილიონი დოლარი.

    კომპანიამ ინვესტიცია უნდა განახორციელოს ასევე ყოფილი სასტუმრო „ნარინჯის“ ტერიტორიაზე, ტურბაზას ტერიტორიაზე, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე, სადაც 6 ობიექტია მოქცეული. ახალი ხელშეკრულებით აქ კომპანიამ ჯერ განაშენიანების რეგულირების გეგმა უნდა წარადგინოს და 2020 წლის 31 დეკემბრამდე 6 ობიექტიდან ერთ-ერთზე 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.

    ყველაზე გრძელვადიანი ვალდებულება კომპანიას ბობოყვათის პროექტზე აქვს, სადაც 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს და არანაკლებ 4 ჰექტარი ტერიტორია მოაწყოს.

    რა აშენდება ამ ობიექტებზე, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ამისთვის კომპანიამ თითოეულ პროექტზე განაშენიანების გეგმა უნდა წარადგინოს.

    კომპანია „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვის“ ობიექტები 2006 წელს გადაეცა, თუმცა, ვალდებულება მხოლოდ ერთ - „ბათუმის რედისონის“- შემთხვევაში შეასრულა. კითხვაზე, რატომ არ დაეკისრა კომპანიას სანქციები შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, აჭარის ეკონომიკის სამინისტროში „კომერსანტს“ პასუხობენ, რომ 2006 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებაში საჯარიმო სანქციები გათვალისწინებული არ იყო. განახლებულ ხელშეკრულებაში კი ვადების დარღვევასა და სხვა ვალდებულებების შეუსრულობელობაზე კომპანიის მიმართ საჯარიმო სანქციები გაიწერა.

    გასული წლის ივნისში კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულობლობაზე კვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა. ორგანიზაცია აცხადებდა, რომ ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანიას „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს აჭარის შავი ზღვის სანაპირო ზოლის (ბათუმის, ქობულეთის) გასწვრივ მდებარე 21ობიექტზე ვალდებულებებს არ ასრულებდა.

    ორგანიზაციის ცნობითვე, კომპანია „აჭარა რიზორთ ჰოლდინგ ბი.ვი“ ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი კვირით ადრე, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირდა.

    „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აცხადებდა, რომ 2006 წლის 14 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას შემდეგი ქონება გადაეცა:
    1. დასასვენებელი სახლი „კოლხეთი“,
    2. ყოფილი პიონერთა ბანაკი „მწვანე კონცხი“,
    3. ტურბაზა „ქობულეთი“,
    4. სანატორიუმი „ქობულეთი“ (ძველი და ახალი შენობა);
    5. საქართველოს ყოფილი სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაუმთავრებელი შენობა;
    6. შპს სასტუმრო „მედეა“,
    7. შპს „დასასვენებელი სახლი მწვანე კონცხი“,
    8. შპს „ტალღა“,
    9. შპს „ტურბაზა ციხისძირი“,
    10. შპს „ტურბაზა ჩაქვი“,
    11. შპს „აისი“,
    12. შპს „ტურბაზა მწვანე კონცხი“,
    13. შპს „პანსიონატი ჩირაღდანი“,
    14. სს „დასასვენებელი სახლი ნარინჯი“,
    15. სს „სანატორიუმი აჭარა“,
    16. სს „პანსიონატი მწვანე კონცხი“,
    17. სს „სანატორიუმი მახინჯაური“,
    18. სს „პანსიონატი მზიური“,
    19. სს „ჰორიზონტისა“
    20. სს „ნიავის“ საწესდებო კაპიტალიდან გამოტანილი ძირითადი საშუალებების პასიური ნაწილი (შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთები)
    21. სს „მესხეთის“ 52,83 %-იანი წილი.

    როგორც ჩანს, ეს კომპანიისთვის გადაცემული აქტივების არასრული ჩამონათვალია, რადგანაც აჭარის ეკონომიკის სამინისტროში 30 ობიექტზე საუბრობენ. კონკრეტულად რა დაუბრუნდა სახელმწიფოს უკან, ამის შესახებ ინფორმაცია „კომერსანტმა“ გამოითხოვა და მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

     

     


პარტნიორები