სიახლეები
-
25 ივლისი 2016
თქვენი რეკლამა
ზაფხულის სეზონის მიუხედავად, უძრავი ქონების ბაზარი აქტიურდება
ივნისში უძრავი ქონების სექტორში აქტივობა გაიზარდა. საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით ივნისში ქვეყნის მასშტაბით 57 007 ერთეული ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 16 %–ით მეტია წინა წლის ივნისის, ხოლო 22%–ით წინა თვის მონაცემთან შედარებით.
საჯარო რეესტრის სააგენტოს ცნობით, მაისთან შედარებით, ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (19.3%-ით), ისე მეორადი (22.8%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.
უძრავი ქონების კომპანიები, რომლებსაც „კომერსატი" ესაუბრა, გაზრდილ აქტივობებს ადასტურებენ. კომპანია „კიბეს" ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე ამბობს, რომ წინა წელთან, ისევე როგორ წინა თვესთან შედარებით იგრძნობა გამოცოცხლება. მისივე მონაცემებით, მოქალაქეების უმრავლესობა ეკონომ-კლასის 40-45 კვ.მ ბინების შესყიდვაზე აკეთებს არჩევანს.
გოგუაძე ამბობს, რომ ზოგადად ზაფხულის პერიოდი ბაზრისთვის პასიურია, თუმცა წელს გამონაკლისია, რაც შესაძლოა სესხების გაცემის კუთხით კომერციული ბანკების გააქტიურებას უკავშირდება.
უძრავი ქონების ბროკერის თქმით, მყიდველების დიდი უმრავლესობა ქონებას ბანკის სესხის საშუალებით ყიდულობს.
„კიბეს" ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტრანზაქციების ზრდის მიუხედავად უძრავი ქონების ფასების ზრდა არ დაფიქსიდაფიქრებულხარ.რებულა. ფასები უბნების მიხედვით განსხვავებულია, ცენტრალურ უბნებში კვადრატულის ფასი 700-750 დოლარიდან, გარე უბნებში კი 500-600 დოლარიდან არის.
ნელი გოგუაძის განცხადებითვე, გაჩნდა მოთხოვნა მეორად ბინებზეც, თუმცა უმრავლესობა მაინც ახალ აშენებულ კორპუსებში არჩევს ქონების შეძენას.
რაც შეეხება კომერციულ ფართებს, მისი თქმით, აქტიურად არის მოთხოვნა სავაჭრო ობიექტების დაქირავებაზე. გოგუაძის განცხადებითვე, წინ საარჩევნო პერიოდია და როგორ განვითარდება ბაზარი, პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა საარჩევნო პერიოდში მსხვილი ტრანზაქციები სავარაუდოდ მოლოდინის რეჟიმში გადავა.
უძრავი ქონების კომპანია „სამაკლერო.ჯის" წარმომადგენელი გიორგი კომახიძე განმარტავს, რომ ტურისტების ნაკადის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა უძრავი ქონების მიმართ რეგიონებში. მისი თქმით, აჭარაში, კერძოდ ბათუმში უძრავი ქონების შესყიდვაზე მოთხოვნაა გაზრდილი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების – უკრაინელების და რუსების მხრიდან.
მისივე თქმით, როგორც წესი, ტურისტულად აქტიურ პერიოდში ფასებიც მზარდია, ამიტომ აჭარაში ფასების მატება ფიქსირდება.
უძრავი ქონების სააგენტოები ზაფხულის პერიოდში გაყიდვების კიდევ უფრო ზრდას ელოდებიან.