სიახლეები
-
21 ივლისი 2016
თქვენი რეკლამა
ლევილის მამულის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია სახელმწიფოს 5 მილიონი ევრო დაუჯდება
ლევილის მამულის დაბრუნების შემდეგ ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისთვის 5 მილიონი ევრო დაიხარჯება. აღნიშნული თანხა 10 წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტიდან გამოიყოფა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
„დღეს მიღებულ იქნა მთავრობის განკარგულება, რომელიც ითვალისწინებს ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის შემდეგ, პროექტის განხორციელებისთვის ფინანსურ ღონისძიებათა უზრუნველყოფას. ჩვენ მიერ წარმოდგენილი იქნა 10-წლიანი გეგმა, რომლის განმავლობაშიც სახელმწიფო თავის ბიუჯეტში გაითვალისწინებს 5 ლიონამდე ევროს, რომ 10 წლის განმავლობაში ლევილის მამულში განხორციელდეს როგორც შატოს, ასევე, მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, მათ შორის, იქმნება ალბათ დამატებითი ნაგებობები. ეს არის ფრანგული მხარის, პირველი რესპუბლიკის მეთაურების ოჯახების წარმომადგენელთა მოთხოვნა და ამ დოკუმენტით ჩვენი მხრიდან ფაქტობრივად დასრულდა ჩვენ მიერ აღებული ყველა პასუხისმგებლობა. წარმოვადგინეთ 16 მაისს დიდი დოკუმენტი, განკარგულება ლევილის მიმართულებით, ახლა წარმოჩნდა ეს გაწერილი სქემა და შემდგომ ნაბიჯად ველოდებით ამ ოჯახების მხრიდან ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საბოლოო ხელმოწერას. მთავრობის რეკომენდაციაა, რომ ეს უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე და ფაქტობრივად, ეს არის უკვე ფრანგული მხარის გადასაწყვეტი. პარალელურად ინტენსიური მოლაპარაკებები მიდის საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე, ნოტარიატთან დეტალების დაზუსტების დონეზე“,- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძემ.