მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 19  ივლისი  2016

    თბილისის ერთერთი უმსხვილესი სპორტული კომპლექსი მესამე წელია უფუნქციოდაა დარჩენილი

    მესამე სეზონია, თბილისის ერთერთი უმსხვილესი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი „ლაგუნა ვერე" უფუნქციოდაა დარჩენილი.

    ობიექტი 2014 წლის მარტში დაიხურა. ეს გადაწყვეტილება ხელმძღვანელობამ იმ პერიოდში ობიექტის არამომგებიანობით ახსნა. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ კომპლექსს მუშაობა, საუკეთესო შემთხვევაში 2015 წლის სეზონიდან უნდა განეახლებინა.

    როგორც მაშინ კომპლექსის ხელმძღვანელი, დავით ჩხეტიანი ამბობდა, ექსპლუატაციაში გაშვების დღიდან „ლაგუნა ვერეს" სარემონტო სამუშაოები ერთხელაც არ ჩატარებია, რის გამოც კომპლექსი სავალალო მდგომარეობაშია: მწყობრიდანაა გამოსული კომუნიკაციები და ფილტრები.

    „მილები ძალიან ამორტიზებულია, ძველი ტექნიკა თანამედროვე, გაცილებით გამძლე პლასტმასის წყალგაყვანილობით უნდა შეიცვალოს. უნდა გამოვძებნოთ წყლისა და ელექტროენერგიის მოპოვების ალტერნატიული საშუალებები, ასევე გვინდა მზის ენერგიის გამოსაყენებლად დანადგარების შეძენა. ჩვენ გავაკეთეთ "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე 15 წლის წინ გათხრილი ჭაბურღილის რევიზიაც. მოპოვებული წყალი ვარგისიანობის დასადგენად ლაბორატორიაში წავიღეთ. რაც უფრო ბინძურია, მისი გაწმენდა მეტ ხარჯთანაა დაკავშირებული. ჭაბურღილიდან ალტერნატიული წყლის მოპოვება ბევრად შეგვიმცირებს გადასახადებს", - აცხადებდა 2014 წელს კომპლექსის დირექტორი.

    იგეგმება თუ არა „ლაგუნა ვერეს" რეაბილიტაცია და რა ვადებში? როგორც ობიექტის მმართველ ფონდ „ქართუში" აცხადებენ, ობიექტზე ჯერჯერობით არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, თუ რა პროექტი განხორციელდება „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე და შეუნარჩუნდება თუ არა მას პროფილი, ამის შესახებ საზოგადობას თავად აცნობებენ.

    „ლაგუნა ვერეს" დახურვის შედეგად უმუშევრადაა დარჩენილი ობიექტის 300-მდე თანამშრომელი. მათი ნაწილი მიმდინარე წლის დასაწყისში აცხადებდა, რომ კომპლექსის დახურვის შემდეგ მათთან კონტაქტზე არავინ გასულა.

    2014 წელს, თბილისის მერობის მაშინდელი კანდიდატი ნიკა მელია აცხადებდა, რომ ფონდი „ქართუ" საცურაო კომპლექს „ლაგუნა ვერესთვის" პროფილის შეცვლას გეგმავდა და კომპლექსის ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობა იგეგმებოდა, ვინაიდან ინვესტორმა საცურაო აუზის კომპლექსი არამომგებიან ბიზნესად მიიჩნია.

    სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი „ლაგუნა ვერე" 1978 წელს გაიხსნა.

     

     


პარტნიორები