მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  ივლისი  2016

    „ვისოლი" მეორე "მინიქალაქის" მშენებლობას რამდენიმეთვიანი დაგვიანების შემდეგ, წლის ბოლოს დაიწყებს

    კომპანია „ვისოლი" ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე კიდევ ერთი ე.წ მინიქალაქის მშენებლობას რამდენიმეთვიანი დაგვიანების შემდეგ, მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყებს.

    გასული წლის ბოლოს „ვისოლ ჯგუფის" გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა „კომერსანტთან" აცხადებდა, რომ თერჯოლის გადასახვევთან ახალი კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის დასაწყისში დაიწყებოდა და 2 წელიწადში დასრულდებოდა.

    დღეს ხორავა აცხადებს, რომ სამუშაოების გაჭიანურების მიზეზი ტექნიკურია. კერძოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად მიმდინარეობდა გზის შეყვანის საკითხებზე შეთანხმება და მუშაობა, რაც დროს მოითხოვდა. მისი თქმით, კომპანიამ მშენებლობის ნებართვა უკვე მიიღო, ამ ეტაპისთვის კი საპროექტო სამუშაოებზე მიდის მუშაობა.

    „ვისოლ ჯგუფის" გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ თერჯოლაში „მინიქალაქის“ მშენებლობას კომპანია სავარაუდოდ, წლის ბოლოს დაიწყებს. საუბარია მიწის სამუშაოებზე. რაც შეეხება დასრულების თარიღს, ხორავა ამ ეტაპისთვის ამას ვერ აკონკრეტებს, რადგან ეს ყველაფერი საპროექტო სამუშაოებში უნდა იყოს გაწერილი, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის.

    ხორავას განმარტებით, თუ საავტომობილო გზების დეპარტამენტი მინი ქალაქების მოსაწყობად კონკურსს კიდევ გამოაცხადებს, „ვისოლ ჯგუფი" მზად არის, მიიღოს მონაწილეობა და გამარჯვების შემთხვევაში კიდევ ახალი „მინიქალაქი“ ააშენოს.

    შეგახსენებთ, კომპანია „ვისოლ ჯგუფმა" მომსახურების კომპლექსის აშენებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გასულ წელს გაიმარჯვა. მაშინ ხორავა აცხადებდა, რომ „ვისოლის" ახალი კომპლექსი მშენებლობა საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია და მასში დაახლოებით 4-5 მილიონი ლარის ინვესტირებაა გათვალისწინებული.


    ობიექტში წარმოდგენილი იქნება „ვისოლ ჯგუფის" შვილობილი კომპანიები - სმარტი, ვენდი, დანქინ დონათსი და ვიანორი. კონკურსის პირობებით, კომპანიამ ვალდებულება უნდა აიღოს, რომ ოპერირების უფლების მიღებიდან მინიმუმ 30 წლის განმავლობაში უზრუნველყოს მომსახურების კომპლექსის დანიშნულების შენარჩუნება.

    ახალი კომპლექსი თერჯოლის გადასახვევთან, გზის მარცხენა მხარესაც აშენდება.

    დღეისათვის ავტობანზე, გორის მონაკვეთზე მსგავსი მომსახურების კომპლექსს გზის მარჯვენა მხარეს „ვისოლი" ფლობს, მარცხენა მხარეს - „სოკარი" .

    წინა მთავრობის გადაწყვეტილებით „ვისოლს" და „სოკარს" ავტობანებზე მინიქალაქების მშენებლობის ექსკლუზიური უფლება ჰქონდა მინიჭებული. ახალმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პირობებს შექმნიან და ამ მიზნით არსებული გეგმა, რომელიც ავტობანზე მხოლოდ „სოკარის" და „ვისოლის" ობიექტების არსებობას გულისხმობდა, გადაიხედებოდა.

     

     


პარტნიორები