სიახლეები
-
15 ივლისი 2016
თქვენი რეკლამა
ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, საქართველოში ასანთის საწარმო შენდება
სამეგრელოში დამზადებული ქართული ასანთი ბაზარზე წლის ბოლოს გამოჩნდება. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „მარსის“ ხელმძღვანელმა თამაზ ბასილიამ განუცხადა.
მისი თქმით, ამჟამად ხობში ასანთის საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს, რომელშიც ინვესტიციის სახით 2 მილიონი ლარი ჩაიდება.
ბიზნესმენი ქართული ასანთის წარმოებით იმპორტირებული პროდუქციის სრულად ჩანაცვლებას აპირებს. კითხვაზე, რამდენად მომგებიანი იქნება ასანთის წარმოება იმდენად, რამდენადაც ტექნოლოგიები ვითარდება და ასანთი აქტუალურობას კარგავს, თამაზ ბასილია აცხადებს, რომ „თითო შეკვრა ასანთი მაინც ყველა ოჯახშია“.
„რაც უნდა ტექნოლოგია შემოვიდეს, თითო შეკვრა ასანთი ყველა ოჯახშია. ვფიქრობ, გაიყიდება. ნახეთ სტატისტიკა, თვეში საქართველოს 10 მილიონი კოლოფი სჭირდება, ჩვენ გამოვუშვებთ წელიწადში 100 მილიონს“,- აცხადებს თამაზ ბასილია.
კომპანიამ საწარმოს მშენებლობისთვის დახმარება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიიღო.
პროექტისთვის კომპანიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 18 136 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცა.
როგორც გასული წლის ნოემბერში ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ქარხანაში განხორციელდება 1,2 მილიონილარის ინვესტიცია და დასაქმდება 50 ადამიანი.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად, საქართველოში ასანთი სრულიად იმპორტირებულია.