სიახლეები
-
14 ივლისი 2016
თქვენი რეკლამა
Dreamland Oasis-ში 200-ზე მეტი აპარტამენტი გაიყიდა
ჩაქვში მდებარე კომპლექს Dreamland Oasis-ში ამ დროისთვის 200-ზე მეტი აპარტამენტია გაყიდული. აქედან ნახევარს ქართველი ბიზნესმენები ფლობენ. ამის შესახებ „კომერსანტს" კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერმა, ზურაბ ახალაიამ განუცხადა.
ახალაია ამბობს, რომ ბოლო პერიოდში სასტუმროს 4 ნომერიც აპარტამენტად გაიყიდა და მათი მფლობელები ქართველი ბიზნესმენები არიან. აპარტამენტში კვადრატული მეტრის ფასი 1600-დან 2300 დოლარამდე მერყეობს. ახალაიას განცხადებით, ამ დროისთვის უკვე დასრულებულია კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი, მეორე ეტაპის დასაწყებად კი კომპანია მშენებლობის ნებართვას ელოდება. მისი თქმით, მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარე თვეში დაიწყება, თუმცა, ახალიას თქმითვე, ძირითადი სამშენებლო სამუშაოები ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ გაგრძელება.
„ვცდილობთ, სამუშაოები არასეზონზე ვაწარმოოთ და ახლა ისეთი სამუშაოები შევასრულოთ, რომელიც ხმაურთან არ არის დაკავშირებული და ხალხს არ შეაწუხებს"-აცხადებს ახალაია.
მისი თქმით, ამ დროისთვის სასტუმროში არსებული 206 ნომრიდან ყველა დაკავებულია. აქედან კი, როგორც ახალაია აცხადებს, უდიდესი ნაწილი ქართველი დამსვენებელია. მისი მტკიცებით, თვის ბოლოდან სიტუაცია შეიცვლება და სტუმრები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ჩამოვლენ. აგვისტოსთვის სასტუმროს ნომრის დაჯავშნა ერთი ადამიანისთვის 150 აშშ დოლარს შეადგენს, აგვისტოში კი ფასი 180 დოლარი გახდება. ფასში მხოლოდ საუზმე შედის.
ახალაია კომპანიის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანიის საკუთრებაში აქვს ძალიან ბევრი აქტივი. მათ შორის, შეკვეთილში, გრიგოლეთში, ურეკში, თბილისში, ტაბახმელაში. შესაბამისად, აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე დაგეგმილია იგივე კონცეფციის კომპლექსების აშენება.
ახალაია ამბობს, რომ სხვა დამატებით დეტალებს კომპანიის ადმინისტრაცია წლის ბოლოსთვის დაასახელებს. უშუალოდ, ახალი პროექტების განხორციელებას კი სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან დაიწყებს.
პირველი ეტაპის ფარგლებში კომპლექსში დასრულებულია 2 სასტუმროს და 9 საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. Dreamland Oasis-ის მშენებლობის მეორე-მესამე ეტაპი საცხოვრებელი კომპლექსების და აუზების მშენებლობას გულისხმობს. კომპანია Dreamland Oasis-ი ინფრასტრუქტურის განვითარებაში 105 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს.
ახალი საკურორტო ზონის მოწყობის იდეა ჩაქვში მდებარე სასტუმრო „ოაზისის" წარმატებულად მუშაობამ წარმოშვა. ამის შესახებ „კომერსანტს" კომპანიის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ გეგუჩაძემ 2015 წელს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ეს არის ავსტრიული ინვესტიცია, რომელმაც საქართველოში განვითარების პოზიტივები დაინახა და გაფართოება გადაწყვიტა. მისივე თქმით, ავსტრიელები დაბა ჩაქვში სასტუმრო „ოაზისს" 2007 წლიდან ფლობენ.