სიახლეები
-
13 ივლისი 2016
თქვენი რეკლამა
ინოვაციური ნაგვის ურნები, მოსაცდელები და „ჭკვიანი სკამები“ – თბილისში „მწვანე ქუჩა“ გაჩნდება
თბილისში ინოვაციური, მწვანე კონცეფციით კეთილმოწყობილი ქუჩა გაჩნდება. საუბარია კარგარეთელის ქუჩაზე, სადაც მზის ენერგიაზე მომუშავე ნაგვის ურნების, გარე განათების, ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის აპარატის, ელექტრომოწყობილობების (მათ შორის, ელ.მობილების) დამტენი აპარატურების და ინოვაციური მიწისქვეშა წყლის რეზერვუარის დამონტაჟება იგეგმება.
არსებული ინფორმაციით, ასევე იგეგმება ავტობუსების გაჩერებებზე, მოსაცდელ სკამებზე მზის ენერგიაზე მომუშავე მოწყობილობის დამონტაჟება, სადაც მოქალაქეები შეძლებენ მობილური ტელეფონების დამუხტვას. მზის ენერგიას ასევე გამოიყენებენ ქუჩების გარე განათებისთვის. განთავსდება ე.წ. ჭკვიანი სკამები ჰაერის დაბინძურების ამსახველი მონიტორით, სადაც დაბინძურების ხარისხის პროცენტულ მაჩვენებელთან ერთად, ამინდის შესახებ ინფორმაციაც გამოისახება.
მიმდინარე წლის მარტში ითქვა, რომ პროექტი მერიის სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდს" უნდა განეხორციელებინა, თუმცა, ფონდი მიმდინარე წლის აპრილში გაუქმდა.
„კომერსანტი" შეეცადა გაერკვია, ვის დაევალა კარგარეთელის ქუჩაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა?
როგორც გავარკვიეთ, პროექტს „თბილისის განვითარების ფონდი" განახორციელებს, თუმცა, განხორციელების ვადები ამ დრომდე უცნობია. როგორც ფონდში „კომერსანტს" განუცხადეს, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით აღნიშნული პროექტი ფონდს გადაეცა, თუმცა, იურიდიული გადაცემა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც პროექტის შესწავლას ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში დაასრულებს. „როდის დაიდებს დასკვნას ბიურო, უცნობია, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული"-აცხადებენ „თბილისის განვითარების ფონდში".
მათი თქმით, პროექტი მისაღები და ინოვაციურია, თუმცა ის გადამუშავებას საჭიროებს. კერძოდ, ფონდის ინფორმაციით, არის გარკვეული ნიუანსები, რომლებიც გადამუშავებულ პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს. მათივე ინფორმაციით, პროექტის დაწყება წესით მიმდინარე წლისთვის უნდა მოხდეს.
როგორც მიმდინარე წლის მარტში, ტექნოლოგიური განვითარების ფონდის პროექტ „თბილისის მწვანე ქუჩის" მენეჯერი გიორგი გაბიძაშვილი აცხადებდა, ინოვაციური ურნები ნაგავს ავტომატურად დაწნეხავს. მისი თქმით, ინოვაციურ ნაგვის ურნებთან ნაგვის დამცლელ მანქანას დღეში ორჯერ ან ერთხელ დასჭირდება მისვლა, ამიტომ ეს ქუჩა უფრო ნაკლებად დაიტვირთება.
მაშინ ითქვა, რომ პროექტის სრული ბიუჯეტი 2 მილიონ ლარს მიაღწევს. „მწვანე ქუჩის" კონცეფცია ქართულ-გერმანულ კომპანიას „დაგენბახ ლენდსკეიპ" ეკუთვნის, პროექტირებას კი, მთლიანად ქართული მხარე განახორციელებს.