მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  ივლისი  2016

    რამდენად რეალისტურია 5–მილიარდიანი პროექტის - „შავი ზღვის მარგალიტის“ განხორციელება?

    გონიოში ინდუსტრიული ზონის „შავი ზღვის მარგალიტის" პროექტის ინვესტორები მზად არიან საქართველოს მთავრობის მოთხოვნები დააკმაყოფილონ. ზონის ადმინისტრატორი ქართული კომპანიის „კორპორაცია ბიზნესისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი"-ს ვიცე-პრეზიდენტი არჩილ დოლიძე „კომერსანტთან" აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობისგან მიიღეს პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში პროექტი დაიწყება. მისივე თქმით, უცხოელი ინვესტორების მხრიდან არსებობს ნება, რომ აღნიშნული მოთხოვნები დაკმაყოფილებულ იქნას.

    „კომერსანტის" კითხვაზე, რა პირობების გათვალისწინება და მოთხოვნების შესრულება მოუწევს ზონის ადმინისტრატორ კომპანიას და ზოგადად, ინვესტორებს, დოლიძე აცხადებს, რომ კომპანიისგან მისი გაჟღერება არასწორი იქნება და ეს მთავრობამ უნდა გააკეთოს.

    დოლიძე ამბობს, რომ 18 ივლისს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გაიმართება პრეზენტაცია-კონფერენცია, რომელშიც მთავრობის წარმომადგენლები და უცხოელი ინვესტორები მიიღებენ მონაწილეობას.

    პროექტი გონიოში 315 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განხორციელდება. იდეის ავტორი შპს „ჯორჯიან ბელარუს ბიზნეს ჯგუფია", რომელმაც პროექტის ფარგლებში რამდენიმე ქვეყნის ინვესტორთა ჯგუფი გააერთიანა და სააქციო საზოგადოება „ICBT CORPORATION-ბიზნესისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი" შექმნა.

    ინდუსტრიული ზონა სამ ნაწილად იქნება დაყოფილი. პირველი ბიზნეს ობიექტების განთავსებას გულისხმობს, სადაც განთავსდება საფონდო ბირჟა, სალიზინგო კომპანიები და ბიზნეს სუბიექტები. მეორე ნაწილი ტურისტულ ზონას გულისხმობს, სადაც მაღალი კლასის სასტუმროები განთავსდება. მესამე კი ვირტუალურ ზონას გააერთიანებს, სადაც IT ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის მშენებლობა იგეგმება.

    დოლიძე ამბობს, რომ საინვესტიციო თანხა შეადგენს დაახლოებით 4,5-5 მილიარდ აშშ დოლარს. მისივე ინფორმაციით, პროექტით ასევე იგეგმება გურიაში და იმერეთში აგროსამრეწველო კომპლექსების მშენებლობა.

    გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე პროექტ „შავი ზღვის მარგალიტს" უპრეცედენტოს უწოდებს და აცხადებს, რომ გურიის რეგიონში პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 20-მდე საწარმოს აშენება. მათ შორის იქნება ქათმის ფერმა, მინის ტარის წარმოება, სანაყინე, ბავშვთა კვება და ასე შემდეგ.

    2015 წლის ივლისში კომპანიაში აცხადებდნენ, რომ პროექტის ფარგლებში შეიქმნება საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი, რომლის ლიცენზიაზეც კომპანიას ეროვნულ ბანკისგან მზაობა აქვს. ლიცენზიის მიღება ზონის სტატუსის განსაზღვრის შემდეგ მოხდება.

    „ამ ბანკის მეშვეობით მოხდება ტრანზაქციების განხორციელება. ჩვენმა პარტნიორებმა უკვე დააფინანსეს პირველადი სამუშაოების განხორციელება"-აცხადებდნენ კომპანიაში.

    გარდა ამისა, 93 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე იგეგმება სამრეწველო ზონის შექმნა, რომელიც 18-20 მსხვილი საწარმოს ფუნქციონირებას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით დაახლოებით 800-850 მილიონი დოლარამდე ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. დასაქმდება 20 000 ადამიანი. პროექტი გულისხმობს ტურისტულ მიმართულებასაც. პროექტის დასრულება 2019 წლის აპრილ-მაისში იგეგმება.

    აღსანიშნავია, რომ ინდუსტრიული ზონის „შავი ზღვის მარგალიტის" განხორციელება აჭარის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლობის გამო 2015 წლის ზაფხულიდან ჭიანურდება.

     

     

     


პარტნიორები