სიახლეები
-
13 ივლისი 2016
თქვენი რეკლამა
ისრაელში ქართველი მშენებლებისთვის კვოტების გამოყოფის საკითხის განხილვა სექტემბრამდე გადაიდო
ქართველი მშენებლებისთვის ისრაელში სპეციალური კვოტების გამოყოფის საკითხის განხილვა სექტემბრისთვის გადაიდო. როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატაში რადიო "კომერსანტს" განუმარტეს, გარკვეული მიზეზების გამო ქართული დელეგაციის ვიზიტი ისრაელში შემოდგომამდე გადაიდო, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის.
აპრილში ისრაელის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის დროს საქართველოში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ქართველი მშენებლებისთვის სპეციალური 500-კაციანი კვოტის გამოყოფა იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ისრაელში მოხდება მათი ოფიციალურად დასაქმება.
ისრაელი-საქართველოს ბიზნეს პალატის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ საკითხმა დიდი მოწონება დაიმსახურა. საკითხის საბოლოო შეთანხმება კი ქართული დელეგაციის ვიზიტის დროს ივლისში უნდა მომხდარიყო.
რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, მაგალითაც იმას, როგორ მოხდება მშენებლების შერჩევა - ისრაელი-საქართველოს ბიზნეს პალატაში ამბობენ, რომ შესაძლოა იხელმძღვანელონ უკრაინისა და მოლდოვას მაგალითებით, სადაც ისრაელის დელეგაცია ადგილზე არჩევდა ხელოსნებს, თუმცა როგორი პრაქტიკა იმოქმედებს საქართველოში, ჯერჯერობით უცნობია.
ისრაელი-საქართველოს ბიზნეს პალატის ხელმძღვანელმა შეხვედრების შემდეგ აღნიშნა, რომ ამჟამად სხვადასხვა შუამავლის წყალობით, ქართველ მშენებლებს ისრაელში სამუშაოდ წასვლა, თანაც არალეგალურად, სოლიდური თანხა უჯდებათ. გამოყოფილი კვოტები კი ქართული ოჯახებისთვის სერიოზული ფინანსური წყარო იქნება.