სიახლეები
-
19 ივნისი 2020
თქვენი რეკლამა
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
ბათუმის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები 17 ხიდზე და 4 გვირაბზე ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.
ამჟამად არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას. საკურორორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა.
პროექტი, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ ფინანსდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 329 630 734 ლარია.