სიახლეები
-
07 ივლისი 2016
თქვენი რეკლამა
ვაკის პარკთან Golden Tulip-ის სასტუმრო აღარ აშენდება
„ლაბეი დეველოპმენტმა", რომელიც თბილისში „გოლდენ ტულიპის" ბრენდის სასტუმროების გახსნას გეგმავდა, აქტივების გაყიდვა დაიწყო. კომპანიის წარმომადგენელი ზურაბ მეფარიძე რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, რომ ვაკის პარკთან მდებარე ობიექტი, სადაც კომპანია სასტუმროს გახსნას გეგმავდა, მათი საკუთრება აღარ არის, პროექტთან კავშირი აღარ აქვთ და ახალი კომპანია ადგილზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის აშენებას გეგმავს.
მეფარიძე გარიგების დეტალებს არ ასახელებს, ამბობს, რომ ეს მათი კომპანიის ბიზნეს გადაწყვეტილება იყო და ტერიტორიის ახალი მფლობელი პროექტის დამტკიცების შემდეგ თავად განაცხადებს გეგმებზე. ვაკის პარკთან მდებარე ობიექტის დემონტაჟი კი უკვე დაწყებულია. რაც შეეხება კომპანიის მეორე პროექტს, რომელიც ასევე ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს, ზურაბ ნეფარიძე ამბობს, რომ ამ ობიექტთან დაკავშირებით ჯერჯერობით სიახლე არ არის და უცნობია რა პროექტი განხორციელდება ადგილზე.
„ლაბეი დეველოპმენტს" საინვესტიციო პროექტები რამდენიმე წლის წინ აქვს დაწყებული, თუმცა კომპანია ფინანსური სირთულეების გამო მათი დასრულება ვერ მოახერხა, მთავრობამ „ლაბეი დეველოპმენტს" საინვესტიციო ვალდებულებები გასულ წელს გადაუვადა და საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლა.