სიახლეები
-
04 ოქტომბერი 2019
თქვენი რეკლამა
ბაკურიანის შემოვლითი გზა გაიხსნა
დაბა ბაკურიანში 3 კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდა. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვთარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის ღირებულებამ 6.3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
შემოვლითი გზის მშენებლობას კურორტ ბაკურიანის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახელობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ ეს პრობლემა მნიშვნელოვნად მოგვარდება.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა 3 კილომეტრიანი გზის მშენებლობა, მოეწყო გზის სავალი ნაწილი ბეტონის საფარით, წყალგამტარი მილები, სადრენაჟე სისტემები, მიერთებები, გვერდულები და საფეხმავლო ბილიკები. გზის მშენებლობის სამუშაოები 2018 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა.
გარდა აღნიშნული პროექტისა მუნიციპალური განვთარების ფონდი ბაკურაინში 8 მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რომლის ჯამური ღირებულება 55 მილიონი ლარია. ამ პროექტების ფარგლებში, ბაკურიანში აშენდება მრავალსართულიანი ავტოსადგომი, მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი გზა და გაფართოვდება ავტოსადგომი დიდველზე, შენდება პოლიციის ახალი ორსართულიანი შენობა, მიმდინარეობს ბაკურიანის ცენტრალური ბილიკისა და გზის მოწყობის სამუშაოები, ბაკურიანის ურბანული განახლების პროექტი და ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი. ასევე, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის 30-მდე სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკის შეძენაც.